თუ საქართველოს პრეზიდენტი ვერ ან არ ხედავს ქვეყნის მთავარ პრობლემას არაფორმალური მმართველობის სახით, მთელი მისი გამოსვლა ყოველგვარ აზრს და ძალას კარგავს – ვაშაკიძე

სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა ნათლად მეტყველებს, რომ საქართველოში ღრმა პოლიტიკური კრიზისია და თავად პრეზიდენტიც ამ კრიზისის განუყოფელი ნაწილია. ქალბატონი ზურაბიშვილის ამოცანა – თან წარმოჩინდეს დამოუკიდებელ, დემოკრატიულ, პროევროპულ ფიგურად და თან შეინარჩუნოს ბიძინა ივანიშვილის კეთილგანწყობა, პრაქტიკულად შეუსრულებადია და, ცხადია, ამან მძიმე დაღი დაასვა მის გამოსვლას, – ამის შესახებ პარტია “ევროპელი დემოკრატების“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგმა ტრადიციულად მძიმე შთაბეჭდილება დატოვა.

“მან ვითომ გააკრიტიკა მმართველი პარტია ევროკავშირთან აგრესიული პოლემიკის გამო, მაგრამ რეალურად ამავე პარტიის იგივე მთავარი „მესიჯები“ გაიმეორა. მისი გზავნილი იმის შესახებ, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია ბიძინა ივანიშვილის საკითხის ნაწილში უსამართლო და არასწორია, არსობრივად ისევე შეურაცხმყოფელი და იმედგამაცრუებელია ევროპარლამენტარებისთვის და მთლიანად ევროკავშირისთვის, როგორც “ქართული ოცნების” სახეების მიერ გაკეთებული აგრესიული განცხადებები.

თუ საქართველოს პრეზიდენტი ვერ ან არ ხედავს ქვეყნის მთავარ პრობლემას არაფორმალური მმართველობის სახით, მთელი მისი დანარჩენი გამოსვლა ყოველგვარ აზრს და ძალას კარგავს. ის უბრალოდ ყალბია, ამ თვალთმაქცური გზავნილით ის 16 ივნისს საყოველთაო აქციაზე იწვევს მთელ ქართულ საზოგადოებას, რომლის აბსოლუტურ უმრავლესობას ქვეყნის მთავარ პრობლემად სწორედ არაფორმალური მმართველობა მიაჩნია. ამდენად, თითქოს გუშინდელი ბრიფინგი იყო განკუთვნილი საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების სერიოზულად გაპრობლემებული პროცესის გადასარჩენად, ვშიშობ, მან ეს პროცესი შეიძლება კიდევ უფრო დააზიანოს“, – აცხადებს ნიკოლოზ ვაშაკიძე.

banner
წინა სტატიაშიკარგად გრძნობს თავს და აპირებს ბრძოლის გაგრძელებას – ნიკა სიმონიშვილი ნიკა გვარამიას შეხვდა
შემდეგი სტატიაევროკომისია განიხილავს აპლიკაციებს და ველოდებით, როგორ წარიმართება პროცესი, დიდად ვაფასებთ ყველაფერს, რაც საქართველომ უკვე გააკეთა ევროპული პერსპექტივისთვის – ჰაავისტო