თუ საეკლესიო, ანუ სინოდის კრებაზე არ იქნა საბოლოოდ შეფასებული, უფრო სავალალო შედეგამდე მივალთ

დეკანოზ ანდრია სალიას განცხადებით, პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ე.წ. ციანიდის საქმე წმინდა სინოდის სხდომაზე არ განხილულა. მისივე თქმით, საეკლესიო თემატიკაზე ღია მსჯელობები უკვე წლებია, მიმდინარეობს.

,,თქვენ იცით უკვე მერამდენე წელია მიმდინარეობს ღია მსჯელობები საეკლესიო თემატიკაზე. მეუფე იაკობის განცხადებამ განაახლა ეს თემა სამსჯელოდ, თუმცაღა უნდა ითქვას, რომ არც ისე მოულოდნელი არის ეს. შეუფერებელი განცხადებები, მეთოდები მათი მხრიდან არაერთგზის გვიმხელია, კიდევ ერთხელ გამოჩნდა და მე ღიადაც დავწერე,რომ ეს არის საპატრიარქოს ადმინისტრაციის სახე. რა თქმა უნდა, ეს ამავე დროს იწვევს ჩვენში ემოციას სიბრალულისას, ანუ სასულიერო პირი არ უნდა საუბრობდეს ამ ლექსიკით,ამ ფორმით, ხოლო შინაარსობრივ მხარეს რაც შეეხება, როგორც სასულიერო, ისე საერო ხელისუფლების ინტერესებში უნდა შედიოდეს ციანიდის საქმიდან გამომდინარე განხილვა და განსჯა. თუ საეკლესიო, ანუ სინოდის კრებაზე არ იქნა საბოლოოდ შეფასებული, უფრო სავალალო შედეგამდე მივალთ. პირველ რიგში არათუ თავის არიდებას უნდა ცდილობდეს საპატრიარქოს ადმინისტრაცია და გარეთ ტელევიზიებში ღიად სხვადასხვა პიროვნების გამოგზავნას, თავის ასე ვთქვათ შენარჩუნება-შენახვას, არამედ ღიადვე დაფიქსირებას, რომ არსებობს პრობლემები და ამ პრობლემებს სჭირდება შიგნითვე განსჯა, საბოლოო წერტილის დასმა. როგორც მიტროპოლიტმა პეტრემ განაცხადა, საეკლესიო პრობლემებს სინოდის მოწვევა სჭირდება, რაც არ მომხდარა”,- აღნიშნა დეკანოზმა ანდრია სალიამ.

რაც შეეხება წმინდა სინოდის მოწვევის საკითხს, დეკანოზი ანდრია სალია აცხადებს, რომ ამის სურვილი მღვდელმთავრებს აქვთ, თუმცა საპატრიაქო დუმს.

,,თქვენ ხედავთ, რომ ყველა მღდელმთავარს სურს, ამ თემაზე საუბარი მიმდინარეობდეს, ეს თემა განიხილებოდეს შიგნით სინოდში, მაგრამ დუმს საპატრიარქო, დუმს სინოდის თავმჯდომარე, დუმან ის პირები, ვინც ამ შემთხვევაში ხელმწიფების ქვეშ არიან სინოდის მოწვევისა. სხვებზე დაბრალება გამიჭირდება, რადგან მათ ინტერესებში მაშინ არ უნდა შედიოდეს სინოდის მოწევა. ვინც მთავარი მოტივატორია, როდესაც არ აკეთებს და არ აფიქსირებს აზრსა და თარიღს ამ შემთხვევაში მოწვევისა, შეუძლებელია სხვა ვინმეს დავაბრალოთ” ,- განაცხადა დეკანოზმა ანდრია სალიამ.

მეუფე იაკობის მხრიდან ხელისუფლების წარმომადგენლების მისამართით გაკეთებულ განცხადებებზე დეკანოზი ფიქრობს, რომ მოტივი „ ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის დაძაბვის მომენტია, ვიდრე სხვა რამ”

მეუფე იაკობი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსობიდან გადადგა. როგორც მეუფე იაკობმა აღნიშნა, დღეს სპეციალურად მივიდა საპატრიარქოში, რადგან პატრიარქისთვის თავისი გადაწყვეტილების შესახებ ეცნობებინა. ამასთან, მეუფე იაკობი ქორეპისკოპოსობის გარდა, საფინანსო-ეკონომიური საბჭოს თავმჯდომარეობიდანაც გადადგა.

შეგახსენებთ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ მას პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით „ეჩალიჩებოდნენ“. ამ საკითხზე საუბრისას მეუფე იაკობმა აღნიშნა, რომ შეხვედრა მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში შედგა, რომელსაც, მისივე თქმით, ვახტანგ გომელაური და გიორგი გახარია ესწრებოდნენ. აღნიშნული განცხადება დღეს მან კიდევ ერთხელ დაადასტურა.

banner
წინა სტატიაშიკახი კალაძე: საჭიროა, მეუფე იაკობმა ახსნა-განმარტება გააკეთოს
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვადასხვა ვებგვერდზე განხორციელებულ კიბერშეტევაზე გამოძიება დაიწყო.