“თუ, რუსეთი კვლავ დაესხმება თავს უკრაინას, ამერიკის პასუხი სამხედრო იქნება” – დონალდ ტუსკი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინაზე შესაძლო ახალი თავდასხმის შემთხვევაში, შეერთებული შტატები აგრესორს სამხედრო პასუხს გასცემს. ამის შესახებ ტუსკმა ინტერვიუში ისაუბრა, რასაც Onet ავრცელებს.

მისი თქმით, აღნიშნული პოზიცია პირველად მოისმინა უშუალოდ ამერიკელი მომლაპარაკებლებისგან.

„მე ეს პირველად მოვისმინე ამერიკელი მომლაპარაკებლებისგან, და სტივ უიტკოფმა ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ ამერიკა იღებს ვალდებულებას, უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები მისცეს ისე, რომ რუსებს არ დარჩეთ არანაირი ეჭვი-— თუ ისინი კვლავ დაესხმებიან თავს უკრაინას, ამერიკის პასუხი სამხედრო იქნება“, – განაცხადა ტუსკმა.

პოლონეთის პრემიერის შეფასებით, ეს მიდგომა გარკვეულწილად ნატოს მეხუთე მუხლს წააგავს, თუმცა მისივე თქმით, ამ ეტაპზე პირდაპირი პარალელების გავლება მიზანშეწონილი არ არის.

„გარკვეულწილად, ეს ჰგავს მეხუთე მუხლს, თუმცა მე პირდაპირ არ მივუთითებდი მეხუთე მუხლზე, რადგან ამან შეიძლება, მხოლოდ გაართულოს შემდგომი მოლაპარაკებები. მაგრამ დეკლარაცია, რომელიც დღეს მოვისმინეთ, ნამდვილად შორსმიმავალი იყო“, – აღნიშნა ტუსკმა.

მისივე თქმით, მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში პირველად გახდა სრულიად ნათელი, რომ აშშ, ევროპა და უკრაინა ერთ პოზიციაზე დგანან.

„პირველად სრულიად ცხადი გახდა, რომ ამერიკელები, ევროპელები და უკრაინა ერთ მხარეს არიან“, – განაცხადა მან.

ტუსკის განცხადებით, რუსეთის დასარწმუნებლად, რომ სერიოზული მოლაპარაკებები დაიწყოს ომის დასრულებაზე ან მინიმუმ ცეცხლის შეწყვეტაზე, ერთადერთი რეალური გზა მთელი დასავლეთის გაერთიანებაა.

„უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, ამერიკელებთან და უკრაინელებთან ერთად, ვიმოქმედოთ როგორც მოკავშირეებმა, რათა რუსებმა და პუტინმა დაინახონ – ამ სამ მხარეს შორის განხეთქილების შეტანა შეუძლებელია“, – აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.

ტუსკის თქმით, ამერიკული მხარე დარწმუნებულია, რომ ევროპელებთან ერთად შეძლებს უკრაინისთვის მყარი და რეალური უსაფრთხოების გარანტიების შექმნას.

banner
წინა სტატიაში“არც დე იურე და არც დე ფაქტო” – ზელენსკი დონბასის დათმობას არ აპირებს
შემდეგი სტატია“ქართული ოცნება” ძალიან მკაფიოდ ცდილობს ბელარუსის დიქტატურის გამეორებას” – ევროპარლამენტარი კრამერი