თუ რაიმე სახის კითხვის ნიშნები, თუნდაც ყოფილ ჩინოვნიკებზე დგას, რა თქმა უნდა, საქმე უნდა აღიძრას – გახარია “იბერიას” საქმეზე საუბრობს

ტელეკომპანია “იბერიას” საქმესა და გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე განცხადებები მინისტრთა კაბინეტის წევრებმა გააკეთეს. მინისტრები ამბობენ, რომ გადასახადი ყველა ბიზნესმენმა უნდა გადაიხადოს.

საქართველოს ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია ამბობს, რომ ჩანაწერებს არ იცნობს, თუმცა თუკი რაიმე სახის კითხვის ნიშნები არსებობს, საქმე უნდა აღიძრას.

„ჩანაწერები არ მომისმენია, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ იმ შემთხვევაში, თუ რაიმე სახის, ელემენტარული მცირეოდენით კითხვის ნიშნები, თუნდაც ყოფილ ჩინოვნიკებზე დგას, რა თქმა უნდა, საქმე უნდა აღიძრას,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ჩანაწერებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ივანე მაჭავარიანმა. ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელსა და თანამშრომელს შორის დიალოგი ხელისუფლების დასაშანტაჟებლად არ გამოდგება.

ჩანაწერში, რომელიც „კურიერს“ კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა, ერთმანეთს „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი, ზაზა ოქრუაშვილი და სპორტის ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანი ესაუბრებიან.

„ის, თუ მისი დამფუძნებელი მის ყოფილ ან არსებულ თანამშრომელთან რას საუბრობს, ტელეფონით იქნება ეს თუ შენობაში, არ ვიცი სად არის ჩაწერილი, ვერანაირად ვერ გამოდგება იმის გამართლებად, რომ არ იხდიდნენ გადასახადს, ვერ გამოდგება შანტაჟის საშუალებად,“ – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი ქობულია აცხადებს, რომ კანონი ქვეყანაში ყველასთვის ერთია და გადასახადი ყველამ უნდა გადაიხადოს.

„როგორც ეკონომიკის მინისტრი გეუბნებით შემდეგს, რომ გადასახადი ვისაც გადასახდელი აქვს, უნდა გადაიხადოს. ყველასთვის კანონი ერთი უნდა იყოს. თუ ვიღაცას არ აქვს გადახდილი, უნდა გადაიხადოს,“ – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

შეგახსენებთ, აუდიოჩანაწერიდან ირკვევა ისიც, რომ იბერიას საქმეში ჩართული იყო უჩა მამაცაშვილი და ის ორი მილიონის სანაცვლოდ, „ომეგა ჯგუფს“ მთავრობასთან პრობლემების მოგვარების ჰპირდებოდა.

banner
წინა სტატიაშიზაზა ოქუაშვილს, ნატო ჩხეიძესა და პრემიერს შორის შეხვედრა ზაფხულში შედგა
შემდეგი სტატია“პირდაპირ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული განცხადება,” – გიორგი ვაშაძე სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე საუბრობს