თუ „ქართულ ოცნებას“ აქვს ილუზია, რომ შარლ მიშელი დღეს ჩამოვიდა, ხვალ წავა და აღარ დაინტერესდება, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში და როგორ გამოდის ქვეყანა კრიზისიდან, ეს ასე არ იქნება

„ყველას ესმის, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი არის აუცილებლად მოსაძებნი, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ის პროცესები, რაც ქვეყანაში შეიძლება, განვითარდეს, აწყობს მხოლოდ რუსეთს. ამიტომ, ევროკავშირს, პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად, ჩვენს ქვეყანაში აქვს გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული ინტერესი. სწორედ ამიტომ, ჩვენ გვქონდა ძალიან საფუძვლიანი საუბარი იმაზე, როგორ შეიძლება ევროკავშირის ფუნქცია გაძლიერდეს ამ კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად, ასევე იმ მთავარ პრობლემებზე, რომლებსაც ვხედავთ კრიზისიდან გამოსავლის თვალსაზრისით. ეს არის პოლიტპატიმრების თემა. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ნიკა მელია და გიორგი რურუა უნდა გათავისუფლდნენ, რათა დავიწყოთ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის მოძებნა და მეორე, ქვეყანას სჭირდება ახალი, განახლებული, დემოკრატიული პროცესი. ეს პროცესი შეიძლება, იყოს ახალი საპარლამენტო არჩევნები. ძალიან დეტალური საუბარი გვქონდა ყველაფერ ამაზე და იმ გზაზე, ჩვენ როგორ ვხედავთ გამოსავალს შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან.

მე შემიძლია, გითხრათ ერთი რამ, ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, თუ „ქართულ ოცნებას“ აქვს ილუზია, რომ შარლ მიშელი დღეს ჩამოვიდა, ხვალ წავა და აღარ დაინტერესდება, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში და როგორ გამოდის ქვეყანა კრიზისიდან, ეს ასე არ იქნება. ის დაპირება, რომელიც დღეს მივიღეთ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, არის ის, რომ ევროკავშირი იქნება უკიდურესად აქტიურად ჩართული ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად და განახორციელებს ყველა შესაძლო გზით ზეწოლას, რათა კრიზისი დაიძლიოს. მათ შორის ხელისუფლებაზეც. ძალიან კარგად ესმით ჩვენს პარტნიორებს, რომ შეუძლებელია, მძევლად აყავდეს ადამიანები ხელისუფლებას და აპატიმრებდეს პოლიტიკურ ლიდერებს, ამ დროს კი, საუბრობდეს დიალოგზე. ეს არის თავისთავად აბსურდული მოცემულობა. ეს მათ ესმით ძალიან კარგად“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნის და აღების ფაქტზე სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს
შემდეგი სტატიახაზარაძე: ერთადერთი გამოსავალი არის რიგგარეშე არჩევნები და ამის სხვადასხვა ვარიანტი შევთავაზეთ