თუ პირს მოხმარებისთვის არასაკმარისი ნარკოტიკი აღმოაჩნდება, ის პატიმრობით აღარ დაისჯება

თუ ადამიანს მოხმარებისთვის არასაკმარისი ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩნდება, ის პატიმრობით აღარ დაისჯება. გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე – “ნოე კორსავა და გიორგი გამგებელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” მიიღო.

თუმცა, საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებით, კონკრეტული ნარკოტიკული საშუალების ოდენობა გამოსადეგია თუ არა მოსახმარად, უნდა შეაფასოს საერთო სასამართლოს მოსამართლემ საქმის ფაქტობრივი გარემოებების ინდივიდუალური შეფასების გზით.

აქამდე, ნებისმიერი ოდენობის ოდენობის ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვისთვის დაკავებულს 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.

ერთერთი მოსარჩელე ნოე კორსავა თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, კერძოდ, დიდი ოდენობით (0,00000126 გრამი) ნარკოტიკული საშუალება მეტამფეტამინის შეძენისა და შენახვისათვის. საპროცესო შეთანხმებით კორსავას სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ხუთი წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობითად, ხოლო გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა ხუთი წელი.
მეორე მოსარჩელე გიორგი გამგებელი კი, თბილისის საქალაქო სასამართლომ დიდი ოდენობით (0,0003 გრამი) ნარკოტიკული საშუალება მეტამფეტამინის შეძენისა და შენახვისათვის ცნო დამნაშავედ. საპროცესო შეთანხმებით, მსჯავრდებულს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ხუთი წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობითად, ექვსი წლის გამოსაცდელი ვადით.
მოსარჩელეთა განმარტებით, მეტამფეტამინის მოხმარება ხდება ინტრავენური გზით. მისი 100%-ით მოხმარება შეუძლებელია და ინექციისთვის გამოყენებულ შპრიცში ყოველთვის რჩება მიკროსკოპული ოდენობის მეტამფეტამინი, რომლის შეუიარაღებელი თვალით დანახვა, მით უფრო მისი გამოცალკევება შეუძლებელია. მათ შემთხვევაში ინექციისთვის გამოყენებულ შპრიცში დარჩენილმა მეტამფეტამინის ოდენობამ ერთ შემთხვევაში შეადგინა 0,00000126 გრამი, ხოლო მეორე შემთხვევაში – 0,0003 გრამი.

კონსტიტუციური სარჩელის ავტორის განცხადებით, ნარკოტიკული თრობის მისაღწევად გამოიყენება 0,15 გ. მეტამფეტამინი. აქედან გამომდინარე, იმ ოდენობას, რის გამოც, ნოე კორსავა და გიორგი გამგებელი დამნაშავედ ცნეს, არ შეეძლო რაიმე ეფექტის მოხდენა. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენება მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობის მეტამფეტამინის შეძენა-შენახვისთვის არაპროპორციული სასჯელია.

კანონით, მეტამფეტამინს არ გააჩნია მცირე და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საწყისი ოდენობები, რის გამოც ნებისმიერი ოდენობის მეტამფეტამინი, რომელიც არ აღემატება ერთ გრამს, კვალიფიცირდება როგორც დიდი ოდენობა, განურჩევლად იმისა, შეიძლება მისი გამოყენება მოსახმარად თუ არა. ამდენად, სადავო ნორმა სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა იმ შემთხვევაშიც, როდესაც არ დგას ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისგან ან/და გავრცელებისგან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის საჭიროება.

საქმეზე სპეციალისტად ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე, ექიმი ნარკოლოგი გური მენაბდიშვილი მიიწვიეს. სპეციალისტის თქმით, ჩვეულებრივი ადამიანისთვის მეტამფეტამინის მინიმალურ ეფექტურ დოზად მიჩნეულია 0,005 გ. სპეციალისტმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მეტამფეტამინის ის ოდენობები, რომლებიც აღმოაჩნდათ მოსარჩელეებს, მნიშვნელოვნად ჩამორჩება მეტამფეტამინის ეფექტურ დოზას და ყოვლად გამოუსადეგარია ნარკოგენული ეფექტის მისაღწევად, განურჩევლად იმისა, თუ რა ფორმით მიიღებენ და რაში იქნება ის გაზავებული.

გური მენაბდიშვილის განმარტებით, მეტამფეტამინის ერთჯერადი მოხმარებისთვის ვარგისი ოდენობა – 0,005 გ. დაახლოებით 4000-ჯერ აღემატება ნოე კორსავას ხელთ არსებულ მეტამფეტამინის ოდენობას – 0,00000126 გ.-ს და 17-ჯერ აღემატება გიორგი გამგებლის მიერ გასაჩივრებულ მეტამფეტამინის ოდენობას – 0,0003 გ-ს.

სპეციალისტმა განმარტა, რომ ნარკომანიით დაავადებულ პირებს ახასიათებთ ძლიერი მიჯაჭვულობა გარკვეული სახის ნივთებისადმი. მათთვის განსაკუთრებით სენსიტიურია ის ნივთები, რომლებშიც ამზადებენ ნარკოტიკულ საშუალებებს და, რომლითაც მოიხმარენ მას.

აქედან გამომდინარე, ისინი იშვიათად ცვლიან ნარკოტიკული საშუალებების დამზადებისთვის განკუთვნილ ჭურჭელს. ამ ჭურჭელში ყოველთვის შეიძლება მასში დამზადებული ნარკოტიკული საშუალების ანაფხეკის პოვნა, თუმცა, ეს ანაფხეკი ყოვლად გამოუსადეგარია მოსახმარად და ნარკოგენული ეფექტის მისაღწევად.

გური მენაბდიშვილის თქმითვე, პრაქტიკულად, შეუძლებელია მოსარჩელეთა მიერ დასახელებული ოდენობის მეტამფეტამინის შემცველი იმდენი შპრიცის მოგროვება და მათში არსებული მეტამფეტამინის ანაფხეკების ერთად თავმოყრა, რომელიც გამოდგება მოსახმარად და ნარკოგენული ეფექტის მისაღწევად.

აქედან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ დაასკვნა, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა ემსახურებოდა მხოლოდ ზოგადი პრევენციის მიზანს. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად კი, “მხოლოდ ზოგადი პრევენცია ვერ იქნება საკმარისი და თვითკმარი პირის მიმართ ნებისმიერი სასჯელის გამოყენებისთვის, რადგან ასეთი მიდგომით ადამიანი გადაიქცევა სახელმწიფოს ხელში საზოგადოების დაშინების იარაღად, იძულების ღონისძიების გამოყენების მუქარის შიშველ ობიექტად, რაც გამორიცხულია და დაუშვებელი სამართლებრივ სახელმწიფოში“.

გადაწყვეტილება მოსამართლეთა კოლეგიამ – მერაბ ტურავა, ევა გოცირიძე და გიორგი კვერენჩხილაძე – მიიღო.

banner
წინა სტატიაშიენმ ხვალიდან ორ რაიონში საარჩევნო კამპანიას იწყებს
შემდეგი სტატიათსუ-ს პირველი და მეორე კორპუსების ფასადები განათდა