ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმები, დავით და გიორგი მიქაძეები, სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ბრალდებულების ადვოკატი, ზვიად კორძაძე, გადაწყვეტილებას აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ საქმე მხოლოდ „პოლიციელთა პატაკებს“ ეფუძნება. უფლებადამცველი სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევაზე საუბრობს და ქართული ინსტანციების შემდეგ დავას სტრასბურგში აანონსებს.
„ეს არის უკანონო განაჩენი. განაჩენი არ ეფუძნება არანაირ მტკიცებულებას, რომელიც ადასტურებს მიქაძეების ბრალს. თუნდაც ის, ასეთი მნიშვნელოვანი სიტყვის შემდეგ, რომელიც წარმოთქვა ბრალდებულმა, ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ადგილზე თათბირით, იქვე იქნა გამოცხადებული, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ეს საქმე არ გადაწყვეტილა სამართლებრივ ასპექტში. ამ საქმეზე წინ არის გასაჩივრება – საქართველოს ორი ინსტანცია და თუ ეს ასეთი ფორმით დარჩა ამ ინსტანციებში, ამ საქმეზე ყველა ვარიანტში სტრასბურგის სასამართლოს მივმართავთ, იმიტომ, რომ საქმეზე დარღვეულია სამართლიანი სასამართლოს უფლება, საქმე გამყარებულია მხოლოდ პოლიციელის პატაკებით, რომელიც ემყარება ანონიმურ წყაროებს, სხვა მტკიცებულება საქმეში არ არსებობს. ეს უკვე გრძელი ბრძოლაა, რომლისთვისაც მზად არიან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები.“- განაცხადა ტვ პირველის ინფორმაციით, ადვოკატმა.
ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმები – დავით და გიორგი მიქაძეები, ასევე გიორგი ჯოხაძე მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა დამნაშავედ ცნო.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
დავით მიქაძე და გიორგი ჯოხაძე საქართველოში არ იმყოფებიან, ორივე მათგანზე პროკურატურას ძებნა აქვს გამოცხადებული.
რაც შეეხება ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის განაჩენს, მკვლელობის ორგანიზატორად დასახელებული ექს მთავარი პროკურორის საქმე სასამართლოში ჯერ არსებითი განხილვის ეტაპამდე არ მისულა.
პასუხისგებაში არ არის მიცემული ირაკლი უსოიანი, „კანონიერი ქურდის“, „დედ ჰასანის“ შვილიშვილი. ეს უკანასკნელი ბიზნესმენის მკვლელობის ორგანიზატორად პროკურორამ დაასახელა.


















