თუ მართლა გინდათ ევროპული პერსპექტივის გადარჩენა, აღიარეთ ყველა პრობლემა, რაც დასკვნაშია და 24 ივნისამდე აიღეთ ვალდებულება რეფორმებზე – ნათია მეზვრიშვილი

მადლობა ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს, ირაკლი ღარიბაშვილს, კახა კალაძეს და დანარჩენ „ოცნებას,“ რომ ერთ დროს “ასოცირებული ტრიოს“ ლიდერ საქართველოს ევროპა დღევანდელი მოცემულობით უყურებს, როგორც კანდიდატის სტატუსისთვის შეუსაბამო ქვეყანას, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებელი, მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებაა.

ნათია მეზვრიშვილის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ პირველ რიგში უნდა აღიაროს პრობლემა და შემდგომ გამოასწოროს.

„დღევანდელი მოცემულობა, ის, რომ საქართველო “ასოცირებული ტრიოდან,“ პრაქტიკულად, მოწყვეტილია, მხოლოდ და მხოლოდ „ოცნების“ დამსახურებაა! მადლობა ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს, ირაკლი ღარიბაშვილს, კახა კალაძეს და დანარჩენ “ოცნებას”, რომ ერთ დროს ასოცირებული „ტრიოს“ ლიდერ საქართველოს ევროპა დღევანდელი მოცემულობით უყურებს, როგორც კანდიდატის სტატუსისთვის შეუსაბამო ქვეყანას! ეს მხოლოდ და მხოლოდ თქვენი პასუხისმგებლობაა, რასაც ქვეყნის და ხალხის წინაშე ვერ გაექცევით.

ჩვენ არაერთხელ გაგაფრთხილეთ, რომ გეღიარებინათ პრობლემები და აგეღოთ პასუხისმგებლობა ფუნდამენტური რეფორმების განხორციელებაზე. მიუხედავად ამისა, თქვენ ძალაუფლების შენარჩუნებაში მზად იყავით გადაგეხადათ ნებისმიერი ფასი და როგორც შედეგი, საქართველოს მოქალაქე დააყენეთ არჩევანის წინაშე – ან ივანიშვილი ან ევროკავშირი. ამის მიუხედავად, ქართველი ხალხის ევროპულმა მისწრაფებებმა, შედეგი გამოიღო – საქართველო და ქართველი ხალხი ევროკავშირმა არ მიატოვა და 2022 წლის ბოლომდე მისცა შანსი დაუბრუნდეს ევროპულ ღირებულებებს.

ნდობა, პრაქტიკულად, აღარ გაგაჩნიათ. იმისთვის, რომ ქართველმა ხალხმა და ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაგიჯეროთ, პირველ რიგში აღიარეთ პრობლემა და შემდგომ გამოასწორეთ. თუ მართლა გინდათ ევროპული პერსპექტივის გადარჩენა, დაუყოვნებლივ გამოდით და აღიარეთ, რომ „დიახ ქვეყანას ოლიგარქი მართავს და ამიტომ საჭიროა დეოლიგარქიზაცია, დიახ არსებობს ყველა ის პრობლემა, რაც დასკვნაშია”. ამ აღიარების შემდეგ, დაუყოვნებლივ, 24 ივნისამდე აიღეთ ვალდებულება რეფორმების განხორციელებაზე, რომლებიც პირდაპირ უპასუხებს კომისიის მოთხოვნებს და შესაბამისად: 2024 წელს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს, უზრუნველყოფს ძალაუფლების რეალურ დანაწილებას; ქმედით საპარლამენტო კონტროლს; დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას; ქვეყანაში აღადგენს კონსტიტუციური მოწყობის სისტემას და ამ გზით უზრუნველყოფს ქვეყნის დეოლიგარქიზაციას, ავტორიტარიზმის პრევენციას და დემოკრატიის გადარჩენას.

წარმოგიდგენთ კონკრეტულ გეგმას და მოგიწოდებთ აღნიშნული გეგმის შესრულებაზე დაუყოვნებლივ აიღოთ ვალდებულება, რათა 2022 წლის ბოლომდე დარჩენილ მცირე დროში საქართველომ შეძლოს და საბოლოოდ არ მოწყდეს ასოცირებულ „ტრიოს“! ჩვენი მხრივ, მზად ვართ ნებისმიერ ფორმატში ამ გეგმის შესრულებაზე ერთობლივი მუშაობის დასაწყებად, რაც იქნება პირდაპირი პასუხი ევროკომისიის მოთხოვნაზე, შემცირდეს პოლარიზაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩავთვლით, რომ ხელისუფლება არ გამოხატავს ქართველი ხალხის ისტორიულ ნებას ევროპულ მომავალზე და ხალხს სრული უფლება ექნება დაიწყოს ეროვნული მოძრაობა საქართველოს ევროპული მომავლის გადასარჩენად”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიყველამ ერთად ვაიძულოთ ხელისუფლებას, გააკეთოს ის, რაც არის გასაკეთებელი – სალომე ზურაბიშვილი
შემდეგი სტატიათუ მთავრობამ ეს 6 თვეც ისე გააგრძელა, როგორც ბოლო წელი, ხალხი პასუხს გასცემს – ზურაბიშვილი