თუ კომისიას მართლა სურს სიმართლის გარკვევა, მაშინ მას შეუძლია განიხილოს ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივრები – თარხნიშვილი

ევროპული საქართველოს წევრის, ლევან თარხნიშვილის თქმით, თუ ქართულ ოცნებას სურს, რომ საგამოძიებო კომისიის მეშვეობით დაადგინოს სიმართლე, მაშინ მას შეუძლია რომ მიმართოს და განიხილოს ოპოზიციური პარტიების საჩივრები, რომლითაც ოპოზიციურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა არჩევნების დროს მიმართეს როგორც საუბნო და საოლქო კომისიებს, ასევე სასამართლოს სხვადასხვა ინსტანციას.
თარხნიშვილმა აღნიშნა, რომ სინამდვილეში, ქართულ ოცნებას სურს არა სიმართლის დადგენა და რეალობის გამორკვევა, არამედ ხელისუფლების შენარჩუნება, შესაბამისად, ოპოზიციას არ სჯერა ამ კომისიის მუშაობის.
„ევროპულმა საქართველომ, სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა, ისევე როგორც არასამთავრობო სექტორმა, არჩევნების მსვლელობისას შეიტანა ასობით საჩივარი, რომელიც საერთოდ არ განიხილეს და იქ იყო დაფიქსირებული კონკრეტული დარღვევები, ეს დარღვევები ეხებოდა არა მხოლოდ არჩევნების დღეს, არამედ მთლიანად საარჩევნო პროცესს. შემდეგ ეს დარღვევები გადავიდა სასამართლოში, იქაც არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, ეს დოკუმენტები არსებობს, გამოქვეყნდა, არის ღია სივრცეში და ამ კომისიას თუ მართლა აინტერესებს სიმართლის გარკვევა, შეუძლია მიმართოს ამ დოკუმენტებს, განიხილოს და დაადგინოს სიმართლე.
თუმცა, ფაქტი არის ის, რომ ქართულ ოცნებას არ აინტერესებს სიმართლე, რეალობის გამორკვევა, ერთადერთი რაც აინტერესებს, ეს არის ხელისუფლების შენარჩუნება. სწორედ ამის გამო, არ გვჯერა ამ კომისიის მუშაობის და იმის გამო, რომ უარს ვაცხადებთ ზოგაგად საპარლამენტო მუშაობაზე, არც ევროპული საქართველო და არც სხვა ოპოზიციური პარტიები არ იღებენ ამ კომისიაში მონაწილეობას და მიგვაჩნია, რომ იმ კრიზისიდან გამოსვლა, რომელშიც ვართ, შეიძლება მხოლოდ ახალი არჩევნებით და სხვა არაფრით.“ – განაცხადა თარხნიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიფოთში სამხატვრო სასწავლებლის რეაბილიტაცია სრულდება
შემდეგი სტატიაგია ხუხაშვილი: პრეტენზია ბიძინა ივანიშვილთან არ მაქვს უფრო საკუთარ თავთან, რადგან ვიყავი რბილად რომ ვთქვათ ერთ-ერთი, ვინც ეს დაუშვა