თუ კალაძისთვის ეს პროცესი არის სამადლო ლუკმის გადმოგდება, შეუძლია თავისთვის დაიტოვოს

”თუ კალაძისთვის ეს პროცესი არის სამადლო ლუკმის გადმოგდება, შეუძლია რომ ეს ლუკმა თავისთვის დაიტოვოს”, – ასე გამოეხმაურა საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერპარტიული ჯგუფის წევრი, ”ახალი მემარჯვენეების” ლიდერი მამუკა კაციტაძე ვიცე-პრემიერის კახა კალაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ინტერპარტიული ჯგუფის მიერ წარმოდგენილი ხუთი მოთხოვნიდან ოთხი დაკმაყოფილებულია.
გუშინ უმრავლესობასთან შეხვედრაზე მათ ოთხ საკითხზე ისაუბრეს და აქედან ორ საკითხზე სრული უარყოფა მიიღეს, ხოლო ორზე ნაწილობრივი თანხმობა. ამასთან, მამუკა კაციტაძე ხელისუფლებას სთხოვს, წერილობითი პასუხი გასცეს ინტერპარტიული ჯგუფის მოთხოვნებს, რათა საზოგადოებამ უკეთ დაინახოს ხელისუფლების პოზიცია, რომ ის არანაირ დათმობაზე წასვლას არ აპირებს საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად.

”არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიულ ჯგუფს წარდგენილი გვქონდა წინადადებათა პაკეტი. ამ წინადადებათა პაკეტიდან გუშინ ვიმსჯელეთ ოთხ საკითხზე. ოთხიდან ორ საკითხზე მივიღეთ სრული უარყოფა პირველ და მეორე საკითხზე-სისტემასა და საარჩევნო ადმინისტრაციაზე. დანარჩენ ორ საკითხზე მივიღეთ ნაწილობრივი თანხმობა. ახლა კალაძემ, მიუხედავად იმისა, რომ მათემატიკური და არითმეტიკული განათლება არ აქვს, ეს ყველაფერი შეაფასოს და გამოიყვანოს როგორმე 80% .

ბატონ კალაძეს ეკუთვნის ფრაზა, რომ ჩვენ შეღავათებს ვუკეთებთ მცირე პარტიებსო. ჩვენ იქ შეღავათებისთვის არ მივსულვართ. ჩვენ მივედით, რომ მოხდეს პოლიტიკური შეთანხმება წინასაარჩევნო პერიოდში, რაც ძალიან სჭირდება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს. თუ კალაძისთვის ეს პროცესი არის სამადლო ლუკმის გადმოგდება, შეუძლია რომ ეს ლუკმა თავისთვის დაიტოვოს.

პრობლემა არის მიდგომაში, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის კალაძე ამ პროცესს უდგება როგორც სამადლო ლუკმის გადაგდებას ოპოზიციისადმი”, – განაცხადა კაციტაძემ.

მამუკა კაციტაძის თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არის დამოკიდებულება, თითქოს ინტერპარტიული ჯგუფი ითხოვს დაფინანსებას. კაციტაძის განცხადებით, მსგავსი მოთხოვნა მათ 4-პუნქტიან პაკეტში არ არის.

”ჩვენს მოთხოვნაში, არსად წერია, რომ ჩვენ ვითხოვთ ფულს. ეს ყველაფერი არის ამ პროცესის დისკრედიტაციის ნაწილი. პოლიტიკური პარტია, რომელმაც მსგავსი რამ მოითხოვა ინტერპარტიულ ჯგუფში არ მოიძებნება”, – განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

რაც შეეხება პარლამენტში შესვლისა და კვალიფიციურ პარტიად გახდომის ბარიერის თაობაზე ხელისუფლების პოზიციას, მამუკა კაციტაძე ხელისუფლების მხრიდან მდაბიო ვაჭრობას უწოდებს.

”ჩვენ ბარიერების პუნქტში გვიწერია ორი რამ, რომ პარლამენტში შესვლის ბარიერი დაიწიოს 3 %-მდე და კვალიფიციური სუბიექტის ბარიერი 2 %-მდე. ანუ ლაპარაკი გვაქვს თითო პროცენტით ბარიერის დაწევაზე. პასუხი კი ესეთია, რომ ერთს დავწევთ და მეორეს ვერ დავწევთ. ეს გამოდის რომ არის მდაბიო ვაჭრობის ფორმა. ამ ვაჭრობისთვის არ არის ეს ფორმატი შექმნილი”, – განაცხადა ინტერპარტიული ჯგუფის წევრმა მამუკა კაციტაძემ.

banner
წინა სტატიაში2015 წლის 15 და 18 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველმა უკანონო დაკავების ფაქტზე გამოძიების დაწყების წინადადებებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს
შემდეგი სტატიადღეს სამტრედიის ქუჩიდან მირცხულავას ქუჩამდე საავტომობილო მოძრაობა დროებით გადაიკეტება