,,თუ იუსტიციის საბჭო ანა დოლიძის გაწვევის მოთხოვნით სალომე ზურაბიშვილს მიმართავს, ამას ძალიან მწვავე რეაქცია მოჰყვება”

თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ანა დოლიძის საბჭოდან გაწვევის მოთხოვნით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავს, ამას ძალიან მწვავე რეაქცია მოჰყვება, – ამის შესახებ „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) ხელმძღვანელმა სოფო ვერძეულმა განაცხადა.

„ჯერ ერთი, არავის შეუძლია შეაფასოს რა არის მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება. მითუმეტეს პრეზიდენტი, პოლიტიკური ფიგურა თუ გადაწყვეტს, რომ ამ დისკუსიაში შევიდეს და შეფასებები გააკეთოს, ეს იქნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებლობის მიმართ სერიოზული დარტყმა და იმედი მაქვს, რომ ეს არ მოხდება“, – განაცხადა სოფო ვერძეულმა.

მისი თქმით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშნული წევრები არ წარმოადგენენ მათ დამნიშვნელ ინსტიტუტებს, ან თანამდებობის პირებს. იურისტის თქმით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ანა დოლიძე დანიშნულია ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ და მისი გაწვევის უფლებამოსილება ახალ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს არ აქვს.

„თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ კანონის ჩანაწერი, რომელიც მიუთითებს, რომ საბჭოს წევრს შეიძლება უფლებამოსილება შეუწყდეს ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამო, რაზეც საბჭოს მოსამართლე წევრი, სერგო მეთოფიშვილი მის საჯარო პოსტში საუბრობდა, ეს ჩანაწერი ცხადია, პრობლემურია. ამაზე ვენეციის კომისიამაც რამდენიმე დღის წინ საქართველოსთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ მოსაზრებებში პირდაპირ მუთითა, რომ ეს არის ძალიან ბუნდოვანი ჩანაწერი, რაც თავად საბჭოს დამოუკიდებლობას აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ და შესაცვლელია. ამიტომ თუ პრაქტიკაში განხორციელდება ის, რაზეც სოციალურ ქსელში საუბრობდა სერგო მეთოფიშვილი, ეს იქნება სერიოზული პრობლემა და პირველ რიგში, დარტყმა საბჭოს წევრების დამოუკიდებლობაზე. ეს იქნება საბჭოდან განსხვავებული აზრის დევნა. გასაგებია, რომ კანონში გვაქვს ძალიან პრობლემური ჩანაწერი, მაგრამ მოსამართლე, რა თქმა უნდა, არ უნდა განმარტავდეს ამ ნორმას სიტყვასიტყვით“, – განაცხადა სოფო ვერძეულმა.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პრეზიდენტის მიერ წარდგენილი არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის ინფორმაციით, საბჭო მისი გაწვევის მოთხოვნით ახალი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისადმი მიმართვას გეგმავს. ამის შესახებ დოლიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

banner
წინა სტატიაშიგანათლების კომიტეტში ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე მოსმენა 28 დეკემბერს გაიმართება
შემდეგი სტატია„საქართველოს რკინიგზა“ – სამტრედიაში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე გამოძიება მიმდინარეობს