“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ცოტნე ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება.
“ცოტნე, თუ გინდა ერთმა ადამიანმა მაინც ირწმუნოს შენი სიტყვების გულწრფელობის, მოთხოვე მამაშენს, ბიძინა ივანიშვილს, დაისაჯონ ადამიანები, რომლებიც სწორედ შენხელა ახალგაზრდებს სცემდნენ სასტიკად,ფიზიკურად უსწორდებოდნენ, აწამებდნენ, ქიმიური იარაღით წამლავდნენ და ციხეებში ყრიდნენ. იმის გამო, რამაც შენ ამბობ რომ უნდა გაგვაერთიანოს, ეს არის სამშობლოს სიყვარული.
იქვე ჰკითხე ბიძინა ივანიშვილს, რატომ არის, რომ ოთხი შვილის დედა ელენე ხოშტარია კახა კალაძის ოფისზე წარწერის გაკეთების გამო წლინახევრით ციხეში გაუშვეს, მაშინ როდესაც რა მოთვლის, რამდენჯერ გაუკეთებიათ წარწერები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისზე და წარწერა რა მოსატანია, როცა ნაციონალური მოძრაობის ოფისებს აფეთქებდნენ, ესროდნენ და ქვებს უშენდნენ. მათ შორის მაგალითად, მაშინ როცა ერთ-ერთ ასეთ ოფისში ჩემი მცირეწლოვანი შვილი იმყოფებოდა.
ისიც ჰკითხო იქნებ, რატომ არის რომ მზია ამაღლობელი ორი წლით ციხეში გაუშვეს უზრდელი, დამნაშავე პოლიციელისთვის სილის გაწნისთვის და ამ დროს კახა კალაძის ტიტუშკები პოლიციელებს აგინებდნენ და უმოწყალოდ ცემდნენ. ამ კითხვებზე თუ პასუხებს მიიღებ, ბარემ ისიც ჰკითხო, რატომ არის რომ ჩემი სამი შვილის მამა გაიტაცეს და ჩვენი სამი შვილის სიცოცხლით და უსაფრთხოებით გვაშინებდნენ.
ამ ან რომელიმე სხვა კითხვაზე პასუხს თუ მივიღებთ, საჯაროდ, ბუნებრივია, მერე შეიძლება ვირწმუნოთ, რომ ოდნავ მაინც გულწრფელი ხარ შენს სიტყვებში”,_ ამბობს თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში.
ცნობისთვის, ცოტნე ივანიშვილმა, გუშინ განაცხადა, რომ ძალადობას გმობს და მისი აზრით, ყველაფერი რაც მოხდა, ისე არ უნდა მომხდარიყო.















