„თუ ღაზაში გენოციდი გაგრძელდება, ცეცხლი არც აშშ-ს დაინდობს“, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა განაცხადა.
„გულწრფელად ვეუბნები ამერიკელ სახელმწიფო მოღვაწეებს, რომლებიც ახლა მართავენ პალესტინაში გენოციდს, ჩვენ არ მივესალმებით ომის გაფართოებას რეგიონში, მაგრამ თუ ღაზაში გენოციდი გაგრძელდება, ეს ცეცხლი აშშ-საც არ დაინდობს. ეს არის ჩვენი სახლი და დასავლეთ აზია ჩვენი რეგიონია.
ჩვენ არ მივდივართ კომპრომისზე არცერთ მხარესთან და არ გვაქვს დათქმა, როცა საქმე ეხება ჩვენი სახლის უსაფრთხოებას. გენოციდი ღაზაში დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. სასწრაფოდ უნდა შეწყდეს ღაზის მოსახლეობის იძულებითი გადაადგილება
დღეს ღაზა ელოდება სასწრაფო და სასიცოცხლო მნიშვნელობის ჰუმანიტარულ დახმარებას. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, პალესტინის განმათავისუფლებელი მოძრაობა „ჰამასი“ ებრძვის ოკუპაციას და აქვს ლეგიტიმური უფლება“, – აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანის თქმით, „ჰამასმა“ ირანს განუცხადა, რომ მზად არის, გაათავისუფლოს მშვიდობიანი მძევლები და აღნიშნა, რომ მსოფლიომ უნდა გაათავისუფლოს ისრაელის ციხეებში მყოფი 6 000 პალესტინელი.
„ირანი მზადაა, კატართან და თურქეთთან ერთად, თავისი როლი შეასრულოს ამ ძალიან მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ წამოწყებაში. ბუნებრივია, 6 000 პალესტინელი პატიმრის გათავისუფლება გლობალური საზოგადოების კიდევ ერთი აუცილებლობა და პასუხისმგებლობაა“, – დასძინა ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა.
ცნობისთვის, 7 ოქტომბრის დილიდან პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის ტერიტორიებზე მასიური სარაკეტო იერიში წამოიწყო. „ჰამასის“ რაზმები ღაზას სექტორიდან გადავიდნენ მოსაზღვრე რაიონებში ისრაელში და რამდენიმე დასახლებული პუნქტი, მათ შორის, ისრაელის სამხედრო ბაზა დაიკავეს. „ჰამასმა“ ისრაელს 2000-მდე რაკეტა ესროლა.
„ჰამასის“ მებრძოლებმა ათობით ადამიანი დაატყვევეს, მათ შორის ისრაელის სამხედროები.
მალევე ისრაელში საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდა. „ისრაელი ომშია“ – განაცხადა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მიმართა და პირობა დადო, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალები „მთელ ძალას“ გამოიყენებს „ჰამასის“ შესაძლებლობების გასანადგურებლად.