თუ დნესტრისპირეთიდან უკრაინის მისამართით დარტყმა იქნება, ეს გლობალური შეცდომა იქნება – ეს იქნება არა დარტყმა, არამედ სილის გაწვნა, ჩვენ კი ნამდვილად დარტყმით ვუპასუხებთ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, შესაძლო თავდასხმა დნესტრისპირეთის მხრიდან, რომლის ტერიტორიაზეც რუსული სამხედროები არიან განთავსებულნი, იქნება სილის გაწვნა, რომელსაც უკრაინა დარტყმით უპასუხებს.

უკრაინული გამოცემა УНИАН-ის ცნობით, ამის შესახებ ზელენსკიმ მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან კიევში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

უკრაინის პირველი პირის განმარტებით, თავის მოლდოველ კოლეგასთან დნესტრისპირეთის მხრიდან უსაფრთხოების შესაძლო რისკები განიხილა.

„ორივე ქვეყნისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ქალბატონ პრეზიდენტთან შესაძლო რისკები თემა წამოვწიეთ. თუ დნესტრისპირეთიდან უკრაინის მისამართით დარტყმა იქნება, ეს გლობალური შეცდომა იქნება. ჩვენ ამა თუ იმ სიგნალებს ვიღებთ. ისინი არასასიამოვნოა. მაგრამ ამ ადამიანებმა უნდა იცოდნენ, ისინი იმყოფებიან დნესტრისპირეთში მოლდოვის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე – ეს იქნება ჩვენთვის არა დარტყმა, არამედ სილის გაწვნა, ჩვენ კი ნამდვილად დარტყმით ვუპასუხებთ“,- განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პირველმა პირმა აღნიშნა, რომ, პირველ რიგში, ყველამ უნდა გააკეთოს ისე, რომ არ იყოს დესტაბილიზაცია რეგიონში.

„ჩვენ ამას ყველანაირად ვაჩვენებთ. ჩვენ ახლა ვიბრძვით რუსეთთან ჩვენს მიწაზე. თუმცა თქვენ დაინახეთ, რომ იყო სარაკეტო თავდასხმები და არა ერთხელ ბელარუსის მხრიდანაც. აქვე მე მინდა მივმართო ბელარუსელ ხალხს, რომელიც ჩვენი მეგობარია, ისტორიულად ყოველთვის მხარს გვიჭერდა, ისინი მხარს არ უჭერენ ომს უკრაინის წინააღმდეგ“,- განაცხადა ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშიკრემენჩუგის სავაჭრო ცენტრში დაღუპულთა და დაშავებულებზე პირველი მონაცემები ვრცელდება
შემდეგი სტატიასაქართველოს პროკურატურის საჯარო ურთიერთობების მდივანი სახალხო დამცველის წარმომადგენლებს შეხვდა