“თუ დიპლომის სიყალბე დადგინდება თადუმაძე უნდა გადადგეს” – ეკა გიგაური

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური პარლამენტს სთხოვს, გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის დიპლომის ნამდვილობასთან დაკავშირებული საკითხები შეისწავლოს. მისი თქმით, თუ დიპლომის სიყალბე დამტკიცდება, თადუმაძე ვალდებულია, მოხსნას თავისი კანდიდატურა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაზე ასევე, გადადგეს გენერალური პროკურორის თანამდებობიდან.

“მას შემდეგ, რაც თადუმაძემ მონაწილეობა მიიღო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კონკურსში, ამის შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებული იყო, რომ გამოექვეყნებინა ეს დიპლომი. ამის შემდეგ, ჩვენ დავიწყეთ კონკრეტულად დიპლომის მართებულობასთან და არის თუ არა ის ყალბი, ამ საკითხის შესწავლა.

ვთხოვთ საქართველოს პარლამენტს, რადგანაც ხვალ იქნება თადუმაძესთან გასაუბრება, რომ დაადგინოს ამ დიპლომთან დაკავშირებული საკითხები და გასცეს ყველა კითხვას პასუხი. იმ შემთხვევაში, თუ კი დადგინდება, რომ ეს დიპლომი არის ყალბი, რა თქმა უნდა, თადუმაძემ უნდა მოხსნას თავისი კანდიდატურა ამ კონკურსიდან და, ასევე, იგი უნდა წავიდეს გენერალური პროკურორის თანამდებობიდან,”- განაცხადა ეკა გიგაურმა.

შეგახსენებთ, “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ინფორმაციით, შალვა თადუმაძის დიპლომში მითითებულია, რომ მან სასწავლებელში 1993 წელს ჩააბარა, თუმცა ინსტიტუტი 1994 წელს დაფუძნდა.

ორგანიზაციის ცნობით, შეუსაბამობა იკვეთება სასწავლებლის დამთავრების თარიღთან დაკავშირებითაც – დიპლომში 1998 წელია აღნიშნული, შალვა თადუმაძეს ბიოგრაფიაში კი 1999 წელი აქვს მითითებული.

banner
წინა სტატიაშილევან ჯიქურმა გათავისუფლების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა
შემდეგი სტატიასაქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის პროცესი გაიმართა