,,თუ დავით უსუფაშვილი ვიწროპარტიული ინტერესების გატარებას დაიწყებს, როგორც ავირჩიეთ, ისე გადავირჩევთ”

ხელოვნურად არაფრის შენარჩუნება არ ღირს, – ასე ეხმაურება მმართველი გუნდის დეპუტატი ნუკრი ქანთარია საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის თაობაზე “რესპუბლიკელების” გადაწყვეტილებას.

როგორც ქანთარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, კოალიციამ შეიძლება დროთა განმავლობაში თავისი თავი ამოწუროს.

,,პარლამენტში სულ 12 პლენარული სხდომა დარჩა ჩასატარებელი. ვფიქრობ, ამ სხდომებს გავწევთ ერთიანი, უმრავლესობის რეჟიმში, თუმცა თვალშისაცემი იქნება განსხვავებები და საზოგადოება ამას დაინახავს. ხელოვნურად არაფრის შენარჩუნება არ ღირს. ბუნებრივი და ორგანულია ეს ყველაფერი. არაფერი არ არის იმაში დრამატული, რომ კოალიცია ამოწურავს ნელ-ნელა თავის თავს და ყველა თავის ბარგიბარხანით გაუდგება გზას, თუმცა საზოგადოებისთვის უფრო ადვილი იქნება არჩევანის გაკეთება”, – განაცხადა ქანთარიამ.

დეპუტატის განმარტებით, “რესპუბლიკელებმა” თანამდებობები ჯერჯერობით უნდა შეინარჩუნონ.

,,ვფიქრობ, რომ უნდა შეინარჩუნონ მათ თანამდებობები, მაგრამ დანარჩენს, ალბათ, პრემიერი გადაწყვეტს. არ მიმაჩნია, რომ დღეს მათ თანამდებობები უნდა დატოვონ. შევხედავთ რა სტილს აირჩევენ ისინი. შეინარჩუნებენ თუ არა იმ პასუხისმგებლობას, რა პასუხისმგებლობითაც მოვედით ჩვენ და აქედან გამომდინარე გადაწყდება უკვე ეს საკითხი,” – განმარტა მმართველი გუნდის დეპუტატმა.

ჟურნალისტების კითხვაზე ხომ არ შექმნის უხერხულობას, რომ პარლამენტში თავმჯდომარე ,,რესპუბლიკური პარტიის” წარმომადგენელი იქნება, ქანთარიას თქმით, დავით უსუფაშვილი ვიწროპარტიულ ინტერესებს არ გაატარებს.

,,ჩვენ დავით უსუფაშვილი არ აგვირჩევია ,,რესპუბლიკელების” კვოტიდან გამომდინარე. ავირჩიეთ მისი თვისებებიდან გამომდინარე. არ მგონია, რომ მან ახლა დაიწყოს ვიწროპარტიული ინტერესების გატარება ამ დარჩენილ დროში. თუ ეს ტენდენცია შეინიშნება, სხვა გადაწყვეტილებას მივიღებთ – როგორც ავირჩიეთ, ისე გადავირჩევთ, მაგრამ არ მგონია, რომ საქმე აქამდე მივიდეს. ამას ვამბობ ხაზგასმით,” – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

banner
წინა სტატიაში“მთავარი პროკურორის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს”
შემდეგი სტატია330 პრაქტიკოსს უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიანიჭა