ანი ნადარეიშვილი არ გამორიცხავს, რომ მისი IP მისამართი სუს-ს გაეტეხა – განცხადება ბაჩო ახალაიას ცოლმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან გააკეთა.
ნადარეიშვილი ამბობს, რომ 4 ოქტომბერს, მათი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სუს-ის თანამშრომლები პატრულირებდნენ, კითხვებს უსვამდნენ მის მეზობლებს და რამდენიმე პირი დააკავეს კიდეც.
“დიდი ხანია ორგანიზატორად ასახელებენ [ბაჩო ახალაიას]. არანაირი მტკიცებულება არ არსებობს ბუნებაში. ბაჩოს ნომერი არ აქვთ დადგენილი, ორჯერ ადამიანი დაიბარეს და ორჯერვე დამირეკეს მე… მითხრეს, რომ არ ვიცით მისი ნომერიო და რანაირად დაადგინეს, რომ ბაჩო ახალაია ურეკავდა ვინმეს.
რა პრობლემაა IP მისამართს მე-10 კლასელი ბავშვი გატეხავს. თუ ჩანაწერი დადგეს და გააყალბეს და IP მისამართს ვერ გატეხავდნენ და ვერ დაიწყებდნენ რეკვას? მითუმეტეს დიდი ხანია ავითარებენ, რომ ორგანიზატორი ბაჩოა.
4 ოქტომბერს მთელი სუსი იყო ჩვენ სახლთან ვინც კი ვინმე გამოძრავდა ადამიანები დააკავეს 4-ში და ეკითხებოდნენ ბაჩო ახალაიასთან ხომ არ ხართო. 3 დღე ჰყავდათ ადამიანები დაკავებული. ჩემ სახლთან იმყოფებოდნენ თვითონ და მე რა ვიცი, რომ ჩემი IP არ გატეხეს და თვითონ არ რეკავდნენ. ბაჩო ახალაიას არანაირი კავშირი არ აქვს 4 ოქტომბრის ორგანიზებასთან. საერთოდ თავიდან ბოლომდე 4 ოქტომბრის საქმე არის აბსურდი”, – ამბობს დაკავებული ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი.
















