,,თუ ანრი ოხანაშვილი ვანო ზარდიაშვილთან უფრო ანგარიშვალდებულია, ვიდრე პარტიის თავმჯდომარესთან, ეს მათ გაარკვიონ”

მრჩება შთაბეჭდილება, რომ არგუმენტების მოსმენა ჭიანურდება იქ, სადაც განხილვა უნდა იყოს – საკომიტეტო ფორმატში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ეკა ბესელიამ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების კანონპროექტზე კომენტირებისას განაცხადა.

„ვისაც კანონპროექტის სულისკვეთება აინტერესებს და სურს, არგუმენტები მოიმარჯვოს, ამისთვის სხდომა უნდა დანიშნოს და განხილვა მოხდეს. ეს დერეფნებში კომენტარების გაკეთებით არ ხდება. ერთმანეთს არგუმენტებს კომენტარების გაკეთებით ვერ გავაგებინებთ. ეს საპარლამენტო მუშაობის ფორმატი არ არის. კანონპროექტი ერთი კვირაა, კომიტეტშია შესული. სულ ერთი მუხლია და შეუძლიათ, კონსტიტუციის გარდამავალ დებულებას შეადარონ, კარგად წაიკითხონ და ბევრ საერთოს იპოვიან ინიცირებულ იდეასა და კონსტიტუციურ პრინციპს შორის. მრჩება შთაბეჭდილება, რომ არგუმენტების მოსმენა ჭიანურდება იქ, სადაც განხილვა უნდა იყოს – საკომიტეტო ფორმატში. განხილვის შემთხვევაში იმ არგუმენტებს მოისმენენ, რომელთა გარეშე ამბობენ, რომ გადაწყვეტილების მიღება უჭირთ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, იმ ფონზე, როდესაც პარლამენტმა მოსამართლეთა უვადოდ განწესების თაობაზე მსჯელობა დაიწყო, იუსტიციის საბჭომ რვა მოსამართლე უვადოდ განაწესა.

„იმ ვითარებაში, როცა პარლამენტმა უვადოდ განწესების თაობაზე მსჯელობა დაიწყო, იუსტიციის საბჭო არ იცდის, არ ელოდება პარლამენტის გადაწყვეტილებას და უვადოდ გამწესებას აგრძელებს, რაც კიდევ ერთი არგუმენტია ჩემთვის და იდეის მხარდამჭერებისთვის, რომ სწრაფად მოხდეს შეჩერება უვადოდ გამწესების. რატომ? თუ დარჩენილ ვაკანტურ პოზიციაზე მოსამართლეებს უვადოდ გავამწესებთ, რეფორმას რისთვის ვაკეთებთ? მრუდე პრაქტიკას რისთვის და ვისთვის ვასწორებთ? არ გვითქვამს, რომ კანონპროექტი გადაარჩენს სასამართლოს და რისკებს დააზღვევს. ამ ინიციატივას სხვა ინიციატივები უნდა მოჰყვეს. მზად არ ვართ, რომ ქვეყანამ ყველა მოსამართლე უვადოდ დანიშნული მიიღოს, რადგან პრობლემები არსებობს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, დეპუტატები, რომლებიც უვადოდ განწესების შეჩერების შესახებ ინიციატივას კრიტიკულად უყურებენ, ზუსტად იმ არგუმენტებს იშველიებენ, რასაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, რაც კარგი არ არის, რადგან დეპუტატების ინტერესი უნდა იყოს, რომ პარლამენტის გადაწყვეტილებები თანხვედრაში იყოს მოსახლეობასთან და არა იუსტიციის საბჭოს რამდენიმე წევრის ინტერესებთან.

„ვინც ამბობს, რომ ინიციატივის თაობაზე არ სმენია, გულწრფელი არ არის. უმრავლესობის სხდომაზე ინიციატივაზე ვისაუბრე, საკითხი ორჯერ დავსვით და პარტიის თავმჯდომარე დაეთანხმა. თუ ანრი ოხანაშვილი ზარდიაშვილთან უფრო მეტად ანგარიშვალდებულია, ვიდრე პარტიის თავმჯდომარესთან, ეს მათ გაარკვიონ. ეს ჩემი გასარკვევი თემა არ არის. საკითხები ორჯერ დავსვი და არც ერთხელ არავის უთქვამს, რომ კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით რაიმე პრობლემას ხედავდა. სხვათა შორის, იდეაზე ირაკლი კობახიძისგან მსმენია და როცა ვსაუბრობთ, რა არის კონსტიტუციასთან შესაბამისი, თქვან, რას და რომელ პრინციპს ეწინააღმდეგება. კონსტიტუციის გარდამავალი დებულება წაიკითხონ. არ ვიცი, კანონპროექტს რა პრობლემა აქვს, ვიცი, რა პრობლემა აქვთ მათ, ვისაც მხარდაჭერა უჭირს. სოფო კილაძეს ვინ კითხავს გუნდის დატოვებას ან გუნდში ვინმეს შემოყვანას. ამაზე შეიძლება პარტიის თავმჯდომარემ ისაუბროს. არასერიოზულ კომენტარებზე შეფასებას არ გავაკეთებ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა დღეს განაცხადა, რომ ცხრა დეპუტატის მიერ მომზადებული საკონმდებლო ცვლილებების განხილვის საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს. მისივე თქმით, არ ფიქრობს, რომ ვანო ზარდიაშვილს, რომელმაც ცვლილებები ანტიკონსტიტუციურად შეაფასა, რამეზე ბოდიში აქვს მოსახდელი.

ცხრა დეპუტატმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები მოამზადა, რომლის გათვალისწინებით, რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ განწესება 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეჩერდეს. კანონპროექტს ხელს აწერენ დეპუტატები: ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე და ოთარ ჩრდილელი.

banner
წინა სტატიაშიტექნიკურ უნივერსიტეტსა და იაპონიის სოკენდაის ეროვნულ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის სამ მემორანდუმს მოეწერა ხელი
შემდეგი სტატიაყოფილი სპეცრაზმელი – უშუალოდ ერეკლე კოდუა გასცემდა ბრძანებებს, ტელეკომპანია „იმედში“ ყველაფერი დაგვემტვრია