გოცირიძე: თუ ამერიკა ამ ადამიანებს დაასანქცირებს, ეროვნული ბანკი სრულიად პარალიზებული იქნება და ნათია თურნავას გადადგომა მომენტალურად მოუწევს

სია, რომელიც აშშ-ის კონგრესმა ამერიკის მთავრობას გადასცა, ადასტურებს, რომ აშშ კიდევ უფრო აფართოებს სასანქციო პოლიტიკას – თუ ამერიკა ამ ადამიანებს დაასანქცირებს, ეროვნული ბანკი სრულიად პარალიზებული იქნება და ნათია თურნავას გადადგომა მომენტალურად მოუწევს, სანქციები სხვა მიმართულებით წავა და ეს უმძიმეს შედეგებს გამოიღებს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სია, სადაც „ბიძინა ივანიშვილის „მაცოცხლებელთა“ [enablers] ქსელის“ წარმომადგენლებზეა საუბარი, ივანიშვილისთვის კიდევ ერთი გაფრთხილებაა, რომ სანქციები გაფართოვდება და საბოლოოდ, კაპიტულაცია მოუწევს.

„სია, რომელიც აშშ-ის კონგრესმა გადასცა ამერიკის მთავრობას, ადასტურებს იმ ფაქტს, რომ აშშ კიდევ უფრო აღრმავებს და აფართოებს სასანქციო პოლიტიკას საქართველოს პრორუსული ხელისუფლების წინააღმდეგ. მასში ორი მნიშვნელოვანი სიახლეა: ერთი ის, რომ ამ ხელისუფლების კლანის გამაძლიერებელი ბიზნესი და მათი წარმომადგენლები მოხვდნენ უკვე ამ სიაში. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ასაზრდოებენ ამ რეჟიმს, ეხმარებიან რუსული გავლენის გაძლიერებას ქვეყანაში და ამავე დროს, თავად საზრდოობენ ბიუჯეტიდან და ბიძინა ივანიშვილის ხელიდან.

მეორე კი ის არის, რომ ამ სიაში მოხვდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ამერიკა ამ ადამიანებს დაასანქცირებს, ეროვნული ბანკი სრულიად პარალიზებული იქნება. მომენტალურად მოუწევს ნათია თურნავას გადადგომა. ამ შემთხვევაში სანქციები აბსოლუტურად სხვა მიმართულებით წავა და ბუნებრივია, ეს გამოიღებს უმძიმეს შედეგებს. ამიტომ, ბიძინა ივანიშვილი გონს უნდა მოეგოს, სანამ ყველაფერი არ ჩამოშლილა და ჩამონგრეულა. მაინც მოუწევს არჩევნების დანიშვნა და ეს დროზე გააკეთოს.

რაც შეეხება იმას, თუ როდის შეიძლება, რომ ეს ადამიანები დასანქცირდნენ, ეს არის გამაფრთხილებელი [სია], დასასანქცირებელ პირთა კანდიდატები არიან. ამ სიაში ივანიშვილის მეუღლეა. მისი დასანქცირება თუ უნდოდათ, აქამდე გააკეთებდნენ. მეუღლის დასანქცირება სერიოზულ პრობლემას შექმნის, მაგრამ ეს წვრილმანია იმასთან შედარებით, ვიდრე რომელიმე შვილის დასანქცირება. მაგალითად, საკმარისია სანქციების სიაში ჩაწერო უტა ივანიშვილი და დასრულებულია ყველაფერი. ის არის ერთადერთი დამფუძნებელი „ქართუ ფონდის“. „ქართუ ფონდი“ კი ფლობს ყველაფერს – ოფშორებიდან დაწყებული, დამთავრებული ყველა ბიზნესით, მათ შორის „ქართუ ბანკით“ და ა.შ.

ამიტომ ეს [სია] არის კიდევ ერთი გაფრთხილება ბიძინა ივანიშვილის, რომ ეს გაფართოვდება და საბოლოოდ, მოუწევს კაპიტულაცია. ჩათრევას ჩაყოლა ჯობია – დროზე თუ მიიღებს გადაწყვეტილებას და დაინიშნება არჩევნები, ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა გადარჩება უმძიმეს კრიზისს. ამ კრიზისის განმუხტვის ერთადერთი გზა არის გონივრული გადაწყვეტილება, რაც არჩევნებით უნდა დამთავრდეს“,- განაცხადა გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშიზურაბიშვილი:ბრძოლა დემოკრატიისთვის გრძელდება, სანამ საქართველო ახალ არჩევნებს არ მიაღწევს
შემდეგი სტატიადიმიტრი პესკოვი – აშშ-ის ხელმძღვანელობა აპირებს, უკრაინაში კონფლიქტის გასაგრძელებლად ყველაფერი გააკეთოს