თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი პრემიერის განცხადებას ეხმაურება

17 აპრილს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკავშილი აუდიტორია #115-ის წარმომადგენლებს შეხვდა და განაცხადა:,,შევთანხმდით, რომ თვითმმართველობა იმ მახინჯი სტრუქტურით, რომლითაც არსებობს, არ უნდა არსებობდეს.”

პრემიერის განცხადებას გამოეხმაურა თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი შალვა საბაური,რომლის განცხადებასაც უცვლელად გთავაზობთ:

,,პრემიერის შეხვედრა სტუდენტებთან დადებითი ფაქტია, რადგან პირდაპირი კომუნიკაცია მოქალაქეებთან იდეალური ფორმაა, მაგრამ უნივერსიტეტის ავტონომიურობის იდეა მთავრობის ჩარევას არ გულისხმობს.

ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების მხრიდან ჩვენი ველურებად შერაცხვამ და არსებული მთავრობის მხრიდან ჩვენს მახინჯ სისტემად მოხსენიებამ, მგონი დაადასტურა, რომ დღეს სტუდენტური თვითმმართველობა არავისი ლობირებით არ სარგებლობს და წარმოადგენს აბსოლუტურად დამოუკიდებელ სტუდენტურ ინსტიტუტს – ეს ხდება დღეს, ეს დასტურდება და მე ძალიან ამაყი ვარ ამით.

ვინმე თუ დამოუკიდებლობას არ გვპატიობს, მისი პრობლემაა, ჩვენ ბოლომდე ვიდექით ნამდვილი ღირებულებების ფუნდამენტზე და დღესაც ბოლომდე ვდგავართ.

“სტუდენტური თვითმმართველობა იმ მახინჯი ფორმით, რომლითაც არსებობდა არ უნდა არსებობდეს”

სტუდენტური თვითმმართველობა არ წარმოადგენს მახინჯ სისტემას დღეს და როდისმე თუ არსებობდა (2014 წლის მაისამდე) ამაზე პასუხს დღევანდელი მოწვევა არ აგებს. თუ ვინმე ამაზე პასუხს ითხოვს, მაშინ პრინციპის დონეზე ყველა ახალმა მთავრობამ წინა მთავრობის ქმედებებზე უნდა აგოს პასუხი.

1. მთავრობის მეშვეობით ხისტი რეგულაციების შექმნა არ წარმოადგენს უნივერსიტეტის ავტონომიურობის დაცვას. არც ამის თხოვნაშია ავტონომიის გაგება და არც შესრულებაში.

2. სტუდენტთა ერთ ნაწილთან საკითხის გადაწყვეტა არ წარმოადგენს სტუდენტთა თანასწორობას. არც ამის თხოვნაშია თანასწორობის გაგება და არც შესრულებაში.

3. ჩემი უდიდესი სიყვარულის მიუხედავად თსუ-სადმი, მხოლოდ ერთ უნივერსიტეტში არ უნდა წყდებოდეს რა როგორ მოხდება, საჭიროა ამ პროცესში ყველა უნივერსიტეტის სტუდენტების ჩართვა – რაც თუ კი ნორმალურ ქვეყანას ვაშენებთ, უპირობოდ უზრუნველყოფილი უნდა იყოს.

4. საგანმანათლებლო სივრცეში ბევრი პრობლემებია, რომელთა გადაჭრაც საჭიროებს ზომების მიღებას – რეფორმებსა და ცვლილებებს, მაგრამ ეს ყველაფერი კარგად გაანალიზებული და დათვლილი უნდა იყოს, რომ ახალი შეცდომები გამოირიცხოს.

P.S. სტუდენტური თვითმმართველობის შესახებ ამხელა გარჩევა რომ მიდის, თითქოს ზონდერები ვიყოთ, რადგან 4 წლის წინ ვიღაცამ ამ სტრუქტურაში მყოფმა (შეგახსენებთ, რომ წევრობა თავისუფალია და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შემოსვლა) ვინმე მეორე სტუდენტი ან სტუდენტები სცემა, მაშინ რა ვუყოთ პარლამენტს, სადაც პირდაპირ ეთერში ხდებოდა ცემა-ტყეპა, სულ ცოტა ხნის წინ.

სტუდენტებს უნდა ჰქონდეთ არჩევანის თავისუფლება, როგორი მოდელის თვითმმართველობა სურთ, ამ თავისუფლების შეზღუდვა არასწორია!”

banner
წინა სტატიაში“აუდიტორია 115” ნდობას უცხადებს პრემიერ-მინისტრს და წყვეტს აქციას უნივერსიტეტში
შემდეგი სტატიალიბიის სანაპიროსთან მიგრანტებით სავსე 4 ნავი ჩაიძირა – სავარაუდოდ, მსხვერპლი 400-ს აჭარბებს