თსუ სტუდენტებს მოუწოდებს, დატოვონ რექტორატი და მოლაპარაკების ფორმატზე გადავიდნენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს მოუწოდებს, დატოვონ რექტორატი და მოლაპარაკების ფორმატზე გადავიდნენ.

„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა და ადმინისტრაციამ 14 ივნისს პროტესტის მონაწილე სტუდენტებს კიდევ ერთხელ შესთავაზა შეხვედრა და პროცესის კონსტრუქციულ რეჟიმში გადატანა.

ადმინისტრაცია მოუწოდებს სტუდენტებს, დატოვონ რექტორატი და გადავიდნენ მოლაპარაკების ფორმატზე. ასევე, მზადყოფნას გამოთქვამს ყველა აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით გამართოს შეხვედრები.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია პატივს სცემს გამოხატვის თავისუფლების პრინციპს და ყოველთვის მზად არის სამუშაო ფორმატში შეხვედრისთვის. ვიმედოვნებთ, რომ სტუდენტთა ჯგუფიც გამოთქვამს მზადყოფნას კონსტრუქციული დიალოგისთვის საუნივერსიტეტო საზოგადოების საერთო ინტერესების დასაცავად.

სტუდენტებს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტზე ფინალური გამოცდები 20 ივნისიდან დაიწყება. სტუდენტთა ცოდნის ობიექტური შეფასებისა და თანასწორი პირობების უზრუნველსაყოფად გამოცდები ჩატარდება აუდიტორიებსა და საგამოცდო ცენტრებში.

ამ ეტაპზე, როგორც თბილისის, ასევე რეგიონული საგამოცდო ცენტრები სრულ მზადყოფნაშია. გამოცდები ჩატარდება მოქნილი საგამოცდო გრაფიკით, რათა უნივერსიტეტმა ხელი შეუწყოს უკლებლივ ყველა სტუდენტის საგამოცდო პროცესში ჩართულობას“, – აღნიშნულია თსუს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიმე-2 ფრონტის გახსნისკენ უკრაინელები მოგვიწოდებდნენ, მათ უკან დგას რუსეთი? – ზარქუა დეგნანს
შემდეგი სტატიამთავარი ყეყეჩის დავალებით ლენჩი ევროპას ომს აბრალებს…ლოთი СНГ-ს ელოლიავება – ბერძენიშვილი