თსუ-ში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები მიმდინარეობს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები მიმდინარეობს.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს უნივერსიტეტის აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობის პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. კენჭისყრის პროცედურა 10:00 საათიდან 18:00 საათამდე გაგრძელდება და ის თსუ-ს პირველ კორპუსში, სააქტო დარბაზის ფოიეში იმართება. არჩევნებს 16 ინდივიდიაულური პირი და ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია აკვირდება.

როგორც ჟურნალისტებს საარჩევნო კომისიის მდივანმა დემეტრე ეგნატაშვილმა განუცხადა, შედეგები დღესვე, კენჭისყრის პროცედურის დასრულებიდან დაახლოებით 2-3 საათის შემდეგ გახდება ცნობილი. მისივე თქმით, რექტორის მოვალეობის შემსრულებელი თანამდებობაზე მუშაობას დაიწყებს შედეგების გამოცხადებისთანავე და ჩაანაცვლებს ამჟამინდელ მოვალეობის შემსრულებელ ვლადიმერ პაპავას.

არჩევნებში სულ 1 311 ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას. საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაში გაატარა ოთხი კანდიდატურა: ცირა ბარამიძე (თსუ-ს პროფესორი), ლევან გორდეზიანი (თსუ -ს პროფესორი), დარეჯან თვალთვაძე (თსუ-ს პროფესორი, რექტორის მოადგილე) და გიორგი ანდრიაძე (თეოლოგიის დოქტორი, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე).

banner
წინა სტატიაშიდოდონა კიზირია ირაკლი კობახიძეს მიმართავს
შემდეგი სტატიაჩერნოვეცკი: “მოგების გადასახადის გაუქმება ბიზნესისა და მეწარმეობის სტიმულირებას ვერ მოახდენს”