თსუ-ში კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა მეასე საიუბილეო წლის გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა. წელს თსუ-ში ბაკალავრიატის საფეხური 3000-მდე სტუდენტმა დაამთავრა.
თსუ პირველი კორპუსის ეზოში კურსდამთავრებულთა ცერემონიას თსუ ბაკალავრებთან ერთად, უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, აკადემიური საბჭოს წევრები, ფაკულტეტების დეკანები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

ბაკალავრიატის დამთავრება კურსდამთავრებულებს თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ მიულოცა: „ვულოცავ ბაკალავრიატის წლევანდელ კურსდამთავრებულებს, ვულოცავ თითოეულ მათგანს უნივერსიტეტის დამთავრებას. ისინი შეუერთდნენ უნივერსიტეტელების ძალიან დიდ არმიას. 100 წლის განმავლობაში 300 000-ზე მეტმა სტუდენტმა დაამთავრა უნივერსიტეტი. ვუსურვებ წარმატებას ცხოვრებაში და, რაც მთავარია, არასდროს არ დაეკარგოთ კავშირი უნივერსიტეტთან.“

საზეიმო ღონისძიებაზე ბაკალავრიატის კურსდამთავრებულებს სწავლის დამთავრება მიულოცა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა: „უნივერსიტეტის დამთავრება მნიშვნელოვანი ნაბიჯია, მაგრამ შემდგომი ცხოვრებისთვის განათლების უკვე პრაქტიკაში გადატანა და ყოველდღიურ ცხოვრებაში მისი გამოყენება, არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი. ვულოცავ ყველა კურსდამთავრებულს, ვუსურვებ წარმატებას და იმ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას, რომელიც დაეხმარება ჩვენი ქვეყნის განვითარებას.“

banner
წინა სტატიაშინარკოტიკების გასაღების მცდელობისათვის ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობის მცდელობის, ძარცვის, პოლიციელისთვის სამსახურებრივი მოვალეობის და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 2 პირი დააკავა