თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2 საათიანი აკადემიური საბჭოს სხდომა დასრულდა. სხდომის დასრულების შემდეგ უნივერსიტეტის რექტორმა გია შარვაშიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ საბჭომ უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიულ საკითხებზე იმსჯელა.
“რამოდენიმე საკითხი განვიხილეთ, მათ შორის იყო გასული კანდიდატურების აკადემიურ პოზიციებზე დამტკიცება, ზოგი დავამტკიცეთ ზოგი არა. ეს არის რუტინული სამუშაო, საუბარი იყო იმაზე რაზეც დღეს დილითაც გვქონდა ლაპარაკი, ეს არის სტრატეგიული გეგმის შემუშავება. აკადემიური საბჭო ჩაერთვება ამ საქმიანობაში. საინიციატივო ჯგუფი შეიქმნება და როგორც ვთქვით, ეს იქნება ღია კარი, ღია დოკუმენტი, რომელიც ყველამ ერთად უნდა შევიმუშავოთ. რაც მეტი მონაწილე იქნება ამ პროცესში, უკეთესია. ვვარაუდობთ, რომ ინტელექტუალური რესურსი ნამდვილად აქვს თბილისის უნივერსიტეტს, რომ გახდეს პოზიტიური ცვლილებების კატალიზატორი”, – განაცხადა რექტორმა.
“აუდიტორია 115”- ის მოთხოვნებს, სტუდენტების აკადემიურ რეგისტრაციასთან დაკავშირებით, დალი კანდელაკმა, თსუ-ს სასწავლი პროცესის დეპარტამენტის უფროსმა უპასუხა.
“უნივერსიტეტში შემოსულია განცხადებები იმ სტუდენტების, რომლებსაც აქვთ ძველი სემესტრების ფინანსური დავალიანება. მიმდინარეობს ინდივიდუალურად თითოეული ასეთი განცხადების შესწავლა სპეციალური კომისიის მიერ. შესაბამისად, იმისთვის, რომ მათ პრობლემა არ შეექმნათ, რექტორმა სასწავლო პროცესის ვადების ბრძანებაში შეიტანა ცვლილება. კერძოდ, ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია გახანგრძლივებულია 3 ოქტომბრის ჩათვლით”, – აღნიშნა დალი კანდელაკმა.
რექტორი ამ ცვლილებას ხელს დღის ბოლომდე ან ხვალ მოაწერს.