თსუ-ს სტუდენტთა ნაწილი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს სოლიდარობასა და მხარდაჭერას უცხადებს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეკრებილი სტუდენტთა ნაწილი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს სოლიდარობასა და მხარდაჭერას უცხადებს.

„პროტესტში მონაწილე ახალგაზრდები სოლიდარობასა და მხარდაჭერას ვუცხადებთ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაწყებულ პროტესტს და ახალგაზრდებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მომავალს და ჩვენს ხმებს იცავენ. ამიტომ, თითოეული ჩვენგანის ვალია დღეს, ამ ახალგაზრდებს დავუდგეთ გვერდით, დავუჭიროთ მხარი, რათა „რუსულ ოცნებას“, „რუსულ რეჟიმს“, რომელმაც არჩევნები მოგვპარა, გავაგებინოთ, რომ არ ვაპირებთ მოპარული არჩევნების შედეგებთან შეგუებას. ეს მზარდი პროტესტი იმის მანიშნებელია, რომ რუსული ხელისუფლება მალე დასრულდება; რომ ჩვენი ქვეყანა დემოკრატიულ გზას დაუბრუნდება და ქართველი ხალხი სახელმწიფოს დაიბრუნებს“,- განაცხადა ოთო ფარულავამ.

ამასთან, თსუ-ს ერთ-ერთი სტუდენტის, თედო ზოიძის განცხადებით, სტუდენტების ნაწილი მათი სამოქმედო გეგმის შესახებ მსჯელობენ და განცხადებას ამასთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში გააკეთებენ.

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი თავის სათქმელს აუცილებლად იტყვის. უახლოეს დღეებში ჩვენს სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით შესაბამის განცხადებას გავაკეთებთ. სტუდენტებს გვაქვს საუბარი, თუ რა ფორმით უნდა გაგრძელდეს პროტესტი ამავე უნივერსიტეტში“,- განაცხადა ერთ-ერთმა სტუდენტმა, თედო ზოიძემ.

ცნობისთვის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილმა პროტესტის ნიშნად გუშინდელი ღამე უნივერსიტეტის შენობაში გაათენეს. ისინი ქვეყანაში ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.

ამასთან, უნივერსიტეტის გაფიცული სტუდენტები დღეს, 18:00 საათზე ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციას აანონსებენ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილი სოლიდარობას უცხადებს ბსუ-ს სტუდენტებს
შემდეგი სტატია„თიბისის მაცნე“ – გაზეთი, რომელშიც მკითხველს, აგროსიახლეებთან ერთად, გათამაშებაც დახვდება