თქვენთვის, როგორც ქვეყნის ხელმძღვანელისთვის, რას ნიშნავს კანდიდატის სტატუსი ამ სახელმწიფოსთვის?! – ლილუაშვილი

თქვენთვის, როგორც ქვეყნის ხელმძღვანელისთვის, რას ნიშნავს კანდიდატის სტატუსი ამ სახელმწიფოსთვის?! – ამ კითხვით მიმართა პარტია “საქართველოსთვის” წევრმა და დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელმაც დეპუტატებს წლიური ანგარიში წარუდგინა.

ბექა ლილუაშვილი დაინტერესდა, გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას ღარიბაშვილი, იმაზე, რომ საქართველოსგან განსხვავებით, კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, უკრაინას და მოლდოვას წვდომა ექნება დაახლოებით 14 მილიარდი ევროს მოცულობის ფონდებზე.

“ბატონო პრემიერო, თქვენ ამ წლის 11 ივნისს აღნიშნეთ, ვციტირებ: ეს სტატუსი არის სიმბოლური, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი, მაგრამ სიმბოლური და ერთი კვირის თავზე, რამდენიმე დღის წინ, არათუ კანდიდატის სტატუსი, არამედ, ერთი საფეხურით დაბალი სტატუსი ევროპული პერსპექტივის რაც მივიღეთ გამოაცხადეთ ისტორიულ მონაპოვრად.

მე მაინტერესებს, რა ფერისცვალებასთან გვაქვს საქმე. თქვენთვის უშუალოდ, როგორც ქვეყნის ხელმძღვანელისთვის რას ნიშნავს კანდიდატის სტატუსი ამ სახელმწიფოსთვის.

როდესაც ვსაუბრობდით სიმბოლურობაზე, როდესაც ვსაუბრობდით ტრიოს მნიშვნელობაზე, კარგად უნდა იცოდეთ, რომ კანდიდატის სტატუსი ნიშნავს ქვეყნისთვის წვდომას დაახლოებით 14 მილიარდ ევროს მოცულობის ფონდებზე და ამ ფონდების გამოყენებას ინსტიტუციური განვითარებისთვის, სოფლების განვითარებისთვის, რეგიონების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, რომელსაც ახლა ძალიან მკაფიოდ მიიღებს უკრაინა, მიიღებს მოლდოვა, ვერ მიიღებს – საქართველო. გრძნობთ თუ არა პასუხისმგებლობას, რომ ამ შესაძლებლობების გამოყენების შანსი ჩვენს მოქალაქეებს წაერთვათ”, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ლილუაშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში მოხდა რადიკალური ცვლილებები დემოკრატიზაციის გზაზე და ეს მკაფიოდ არის აღნიშნული ევროკომისიის წინასწარ დასკვნაში.

“როდესაც ვსაუბრობთ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ჩვენ კარგად ვიცით, მათ შორის მოქალაქეებმა, რომ ბოლო პერიოდში მოხდა რადიკალური ცვლილებები დემოკრატიზაციის გზაზე და ეს მკაფიოდ არის აღნიშნული ევროკომისიის წინასწარ დასკვნაში.

თქვენ წარმოადგინეთ აქ ძალიან ბევრი საერთაშორისო რეიტინგი, სადაც შეფასებულია ქვეყნის პოზიციები, თუმცა წარმოადგინეთ ალბათ მიზანმიმართულად 10 წლიანი პერსპექტივით და 10 წლიან ჰორიზონტზე წარმოდგენილი ეს რეიტინგები და არ დააკონკრეტეთ მაგალითად, ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი, მაგალითად კორუფციის საქმის ინდექსი, მაგალითად ჟურნალისტების თავისუფლების ინდექსი ბოლო 2021-2022 წლის შემდეგ, სადაც ძალიან მკაფიოდ არის ყველა ამ კომპონენტში ქვეყნის შეფასებების კლება, ზუსტად იმ პერიოდში, როცა თქვენ ხართ პრემიერ-მინისტრი.

მე მინდა, ძალიან მკაფიოდ ვთქვა, სწორედ მიზეზი იმისა, რომ თქვენი წინამორბედი, გახარია, როდესაც გადადგა იყო ის, რომ სახელმწიფოსა და პარტიის ინტერესებს შორის სახელმწიფოს სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი და მე მესმის, რომ შეიძლება თქვენ ეს არჩევანი სწორად ვერ შეაფასოთ, მაგრამ ქართველ ხალხს რატომ აყენებთ არჩევანის წინაშე, ან ევროპა, ან ივანიშვილი?” – აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ვეტოს დადება კარგი გადაწყვეტილებაა, რადგან ვიცით, რომ ამ ცვლილებების თაობაზე სერიოზული პრეტენზიები ევროკავშირსაც ჰქონდა – სამადაშვილი
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი: მე ვარ სრულიად შეშფოთებული იმისგან, რაც პარლამენტში მოვისმინე