თქვენთან ერთად ვართ ძალისხმევაში, რომელიც მშვიდობიანი მსოფლიოს შექმნას ემსახურება – გიორგი კვირიკაშვილი მაიკ პენსს მიმართავს

საქართველოს პრემიერმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აშშ-საქართველოს ურთიერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

“ქართველი ერის სახელით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის დიდი პატივია საქართველოში ვუმასპინძლოთ ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსსა და ამერიკის დელეგაციას. განსაკუთრებით აღსანიშნავია თქვენი სტუმრობის დრო – სწორედ წელს აღინიშნება ჩვენს სახელმწიფოებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი. დროის ამ მოკლე მონაკვეთში საქართველო სამოქალაქო ომით გახლეჩილი სახელმწიფოდან თანამედროვე, ევროპულ დემოკრატიად იქცა.


ამერიკის შეერთებული შტატების მეგობრობა და დახმარება უმნიშვნელოვანესი იყო ჩვენი წარმატებისათვის. ამერიკა საქართველოს უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენ ამერიკის მადლიერი ვართ, მისი დახმარება საქართველოს განვითარების გზაზე უმნიშვნელოვანესი იყო. საგარეო გამოწვევების, სამხედრო და კიბერსაშიშროების მიუხედავად, საქართველოს მონდომება, შეინარჩუნოს საშინაო და რეგიონული მშვიდობა, უცვლელია. აშშ-ი საქართველოს ერთგული მეგობარი, სანდო გეოპოლიტიკური მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორია. ესაა პარტნიორი, რომელთანაც საერთო ღირებულებები და გლობალური უსაფრთხოების პრიორიტეტები გვაკავშირებს.
ჩვენი მიზანია, ხელახლა დავიმკვიდროთ ჩვენი კუთვნილი ადგილი ევროპულ სახელმწიფოთა ოჯახში. უკანასკნელი წლების განმავლობაში ჩვენ მივიღეთ ზომები, რათა მიგვეღწია ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის, იქნებოდა ეს ევროკავშირთან შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ თუ უფრო მჭიდრო თანამშრომლობა ნატოსთან.
ვიცე-პრეზიდენტო პენს, მოხარული ვარ, რომ თქვენ აპირებთ მიმართოთ ღირსეული პარტნიორის პროგრამის მონაწილეებს – ჩვენს მამაც ჯარისკაცებს. განსაკუთრებული კავშირები და არნახული თავგანწირვა ჩვენს სამხედრო ძალებს კიდევ უფრო აახლოებს – ისინი ამჟამად მხარდამხარ იბრძვიან ექსტრემიზმის წინააღმდეგ და ეს კავშირები უნდა შევინარჩუნოთ. ყოველდღიურად აღმაფრთოვანებს მათი სიმამაცე და თავგანწირვა, რაც ჩვენი სახელმწიფოების უსაფრთხოებისა და დაცულობის წინაპირობაა. ჩვენს შორის ნამდვილად ძმური კავშირია.
როგორც აშშ დგას მარად ჩვენ გვერდით ჩვენც თქვენ გვერდით ვდგავართ, რათა მხარი დავუჭიროთ თქვენს ძალისხმევას მშვიდობიანი მსოფლიოს უზრუნველსაყოფად. მე პირადადაც მინდა შევასრულო ჩვენს სახელმწიფოებს შორის დამაკავშირებელი ფუნქცია იმ გამოცდილებაზე დაყრდნობით, რომელიც მე, ჯერ კიდევ როგორც სტუდენტმა, ამერიკაში მაგისტრატურაში სწავლისას მივიღე.
1990-იან წლებში ამერიკის საუკეთესო უნივერსიტეტში სწავლა თითქმის წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა. სწორედ ამ დროს მომეცა შესაძლებლობა, ფინანსების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლა ილინოისის ურბანა-შამპეინის უნივერსიტეტში, როგორც მასკის სტიპენდიატს გამეგრძელებინა. ეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროგრამა იყო.
ამ გამოცდილებამ ნამდვილად შეცვალა ჩემი ცხოვრება. ფინანსების სწავლასთან ერთად, ილინოისში გატარებულმა დრომ ამერიკისა და მისი ღირებულებების შესახებ ჩემი წარმოდგენა ჩამოაყალიბა. მახსოვს, ამერიკის ცენტრალურ ნაწილში მცხოვრები ხალხის მიერ გამოჩენილი გულუხვობა და მეგობრული განწყობა. მათ პირველი დღიდან მიმიღეს საკუთარ ოჯახში და დღემდე ამ დიდი, ამერიკული ოჯახის წევრად ვგრძნობ თავს. ამერიკული ოპტიმიზმის შესანიშნავი განცდა სამშობლოში დაბრუნებულს სახელმწიფო სამსახურში არაერთხელ დამხმარებია, რასაც იქ ყოფნის დროს ვერც კი წარმოვიდგენდი. ეს შეგრძნება ყოველდღიურად მეხმარება. ის განუწყვეტლივ მახსენებს, რომ არ არსებობს გადაულახავი წინაღობა; რომ ის, რისიც გვწამს, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს სულისკვეთება მახსენებს, რომ მეგობრებს უდიდესი მნიშვნელობა აქვთ, ხოლო უახლოეს მეგობრებზე მნიშვნელოვანი არაფერია.
ბატონო ვიცე-პრეზიდენტო, საქართველო აკვირდებოდა თქვენს ვიზიტს ესტონეთში, სადაც აშშ-ის პრეზიდენტის სახელით აღნიშნეთ, რომ “ამერიკის პირველ რიგში” არ ნიშნავს “მარტო მყოფ ამერიკას” – ჩვენ, ქართველები ამ შთამბეჭდავ განცხადებას ვაფასებთ.
მეგობრებო, ვიცე-პრეზიდენტო პენს, ქართველები დიდად ვუფრთხილდებით ამერიკისა და საქართველოს მეგობრობას და იმ ღირებულებებს, რომლებიც ასე მჭიდროდ გვაკავშირებს ერთმანეთთან.
ახლა კი სიტყვას თქვენ გადმოგცემთ.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი:
ბატონო პრემიერ-მინისტრო, ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ კიდევ ერთხელ შევხვდით. განსაკუთრებით სასიამოვნო იყო შეხვედრა თქვენს მეუღლესთან, მაიასთან, და ჩვენი შვილების შესახებ ისტორიების გაზიარება.
ჩემთვის პირადად და პრეზიდენტისთვის, დიდი პატივი იყო თქვენი მასპინძლობა თეთრ სახლში. მადლობას მოგახსენებთ გულთბილი დახვედრისთვის, იმ სითბოსთვის, რომლითაც თქვენ გვმასპინძლობთ მე და ჩემს მეუღლეს, კერენს, თქვენს უმშვენიერეს ქვეყანაში.
ნება მომეცით, გადმოგცეთ მოკითხვა აშშ-ის პრეზიდენტისგან. მან მომავლინა აქ ძალიან მარტივი გზავნილით თქვენთვის, თქვენი მთავრობისა და დიადი და გულადი ქართველი ხალხისთვის – ჩვენ თქვენთან ვართ! ჩვენ მხარში გიდგავართ თავისუფლებისა და ჩვენი საერთო ღირებულებების სამსახურში!
განსაკუთრებით მადლობელი ვარ ხვალ დაგეგმილი შეხვედრებისთვის, თქვენს და ამერიკის შეიარაღებულ ძალებთან შეხვედრის შესაძლებლობისთვის, რომლებიც თანამშრომლობენ ერთობლივი ოპერაციების ფარგლებში.
დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენს პარტნიორობას და მეგობრობას. ჩვენ წინ გაშლილი მადისმომგვრელი ქართული სუფრა ზუსტად ისეთი მომხიბვლელი და სასიამოვნოა, როგორც მე მსმენია. ასე რომ, მადლობას მოგახსენებთ გულითადი მასპინძლობისთვის. მე და ჩემი მეუღლე მადლობელნი ვართ ქართული ლეგენდარული სამზარეულოს დაგემოვნების შესაძლებლობისთვის და თბილი მიღებისთვის.
კერძები, სიმღერა, ცეკვა, რომლებითაც ჩვენ მალე დავტკბებით უბრალოდ საუცხოოა, ისევე საუცხოო, როგორც ყველაფერი თქვენს ქვეყანაში, და ჩვენ მადლობას მოგახსენებთ გაზიარებისთვის.
ათასწლეულების განმავლობაში ქართველებმა დაამტკიცეს თავიანთი ვაჟკაცობა, დამოუკიდებლობის სიყვარული, რომ ისინი მზად არიან იბრძოლონ იმისთვის, რაც სწამთ, იბრძოლონ ბოლომდე. ამ მხრივ, თქვენ გამოგარჩევთ ჩვენი მიწისთვის დამახასიათებელი სულისკვეთება, დამოუკიდებლობის სულისკვეთება, რომელიც საერთოა ქართველებისა და ამერიკელებისთვის. როგორც კი თქვენს ქალაქში ჩამოვფრინდით, ჩემზე და კერენზე უდიდესი ემოციური გავლენა იქონია მოქალაქეთა ხილვამ, რომლებიც ამერიკული და ქართული დროშების ფრიალით დაგვხვდნენ. ამან მართლაც მძლავრი ემოციები აღძრა ჩვენში. მე ქართველი ხალხი გავიცანი თქვენი სახით. ასე რომ, ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენ შორის არსებული ძლიერი კავშირები და თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიყვარული კიდევ უფრო განმტკიცდება თქვენი და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით.
ასე რომ, მადლობას მოგახსენებთ გულთბილი მასპინძლობისთვის. ჩემთვის უდიდესი პატივია, წარმოვადგენდე ამერიკის შეერთებულ შტატებს ამ დიდი ისტორიის მქონე უძველეს ქვეყანაში.
იმედის თვალით შევყურებ ჩვენს დისკუსიას და ურთიერთობას ხვალ. ახლა კი გთხოვთ, უბრალოდ შემომიერთდით და ავწიოთ ჭიქები. მე ვსვამ თქვენს სადღეგრძელოს, ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენი ოჯახისა და ამ დიადი ერისადმი თქვენი ერთგულების სადღეგრძელოს! ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ნება მომეცით, შევსვა თავისუფალი, ერთიანი და აყვავებული საქართველოს სადღეგრძელო! გაუმარჯოს ნათელ მომავალს, თავისუფლებას, რომელსაც ჩვენ გავუზიარებთ ერთმანეთს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი:
დიდი მადლობა,ბატონო ვიცე-პრეზიდენტო. კიდევ ერთი რამ მინდა აღვნიშნო.
40 წლის წინ ნასამ ქართული ხალხური პოლიფონიური სიმღერა ,,ჩაკრულო” ,,ვოიაჯერის” მეშვეობით, კოსმოსში გაგზავნა როგორც კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი ძეგლი.
კარლ სეიგანმა, რომელიც პროექტის ხელმძღვანელი იყო, სიმღერა ფირფიტის საბოლოო ვერსიაში შეიტანა. ნასას გუნდს დაუკავშირდნენ მოსკოვიდან და აღნიშნეს, რომ საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფო არ იყო და ამდენად, ქართული ხალხური სიმღერა ამ ჩანაწერთა სიაში არ უნდა ყოფილიყო.
რუსეთის წნეხის მიუხედავად, კარლ სეიგანმა და ნასამ ,,ჩაკრულოს” დაუჭირეს მხარი. სულ ახლახან, ,,ვოიაჯერი”, ქართულ-ამერიკული მეგობრობის ხომალდი, მზის სისტემას გასცდა და უსასრულო სივრცეში გავიდა. ამდენად, ჩვენს სახელმწიფოებს შორის არსებული უსასრულო, ძმური ურთიერთობების აღსანიშნავად, მინდა ვთხოვო ჩვენს მომღერლებს, შეასრულონ ეს სიმღერა”-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმაიკ პენსი: ათასწლეულების განმავლობაში ქართველებმა დაამტკიცეს თავიანთი ვაჟკაცობა, დამოუკიდებლობის სიყვარული
შემდეგი სტატიატყვიის გადაჭარბებული ოდენობა ხორცში, წყალში, რძესა და ჭარხალაში