“თქვენო უწმინდესობავ, გზა რომელზეც ჩვენ შევდექით, თქვენს მხარდაჭერას ითხოვს”

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, იანოშ ჰერმანის განცხადებით, ევროპამ კარგად იცის იმ დიდი წვლილის შესახებ, რაც საქართველომ ევროპული კუტრურისა და ცივილიზაციის განვითარებაში შეიტანა.

საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე იანოშ ჰერმანმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მადლობა გადაუხადა იმ ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის, რომელიც უწმინდესმა უზრუნველყო იმ თვალსაზრისით, რომ საქართველო ევროპული ოჯახის წევრი გახდეს.

“ჩვენ კარგად ვიცით იმ დიდი წვლილის შესახებ, რომელიც საქართველომ, ევროპული კულტურისა და ცივილიზაციის განვითარებაში შეტანა. ჩვენ, ასევე კარგად მოგვეხსენება იმ მნიშვნელოვან როლზე, რომელიც საქართველოს ეკლესიამ ითამაშა, ამ ისტორიულ პროცესში, თქვენი ქვეყნის უგრძელესი ისტორიის განმავლობაში. საკმაოდ კარგად ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია და რას წარმოადგენს სულიერი მემკვიდრეობა. თქვენო უწმინდესობავ, დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის, რომელიც თქვენ უზრუნველყავით იმ თვალსაზრისით, რომ საქართველო ევროპული ოჯახის წევრი გახდეს. მე ყოველთვის ვგრძნობდი იმ დინამიკას, რომელიც გამოარჩევდა ჩვენს თანამშრომლობას საქართველოს მთავრობასთან, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან, აღნიშნული მიზნის მისაღწევად”,- განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

ელჩის განმარტებით, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული დადებითი დასკვნა უმნიშვნელოვანესი ეტაპია, რომელსაც უზარმაზარი იმედი მოაქვს.

“ევროკომისიის ანგარიში, რომელმაც პოზიტიურად შეაფასა საქართელოს მიღწევები, უვიზო მიმოსვლის შემოღებისთვის, უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გახლავთ. საბოლოო გადაწყვეტილებას ჯერ კიდევ ველით. თქვენო უწმინდესობავ, ნება მომეცით საბოლოოდ მოგახსენოთ, რომ ეს გზა რომელზეც ჩვენ შევდექით, მნიშვნელოვანწილად ითხოვს თქვენს პოზიტიურ შეფასებას, რეკომენდაციას და რა თქმა უნდა, მხარდაჭერას”,- აღნიშნა იანოშ ჰერმანმა.

შეხვედრაზე, ილია მეორემ, ირაკლი ღარიბაშვილსა და იანოშ ჰერმანს, აღნიშნულ საქმეში განსაკუთრებული წვლილისთვის, მადლობა გადაუხადა. უწმინდესმა ევროკავშირის ელჩს წმინდა ნინოს ჯვარი აჩუქა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს უმეტეს რეგიონში ყინვაა მოსალოდნელი
შემდეგი სტატიასაპატრულო პოლიციელს – ასი როზგი ასი ქულის ნაცვლად!