“თქვენო უწმიდესობავ, თანამოზიარენი ვართ თქვენი ტკივილისა”- ილია მეორემ რომის პაპს მიუსამძიმრა

იტალიაში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით, რომელმაც ასეულობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, რომის პაპ ფრანცისკეს სამძიმრის წერილი გაუგზავნა:

“მის უწმინდესობას,

რომის პაპ ფრანცისკეს

თქვენო უწმინდესობავ,

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გამოვთქვამთ ღრმა მწუხარებას იტალიის ქ. პერუჯაში და მის მიმდებარედ მომხდარი დიდი მიწისძვრის გამო, რომელმაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ათასობით უსახლკაროდ დატოვა. თქვენი ხალხისა და ქვეყნისთვის ამ მძიმე პერიოდში მინდა იცოდეთ, რომ ჩვენც თქვენს გვერდით ვართ და თანამოზიარენი ვართ თქვენი ტკივილისა.

გთხოვთ, ჩვენი სამძიმარი გადასცეთ გარდაცვლილთა და დაზარალებულთა ოჯახებს და იტალიის მოსახლეობას. შევთხოვ ღმერთს, მოანიჭოს იტალიას და მსოფლიოს მოსახლეობას მშვიდობა და თვისი წყალობა.

პატივისცემით,

ილია II,

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.”.

banner
წინა სტატიაშიგორში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
შემდეგი სტატიათბილისის მერიასთან “პარტიზანი მებაღეები” კარვის დადგმას ცდილობენ