“თქვენ ვერცერთ შემთხვევას ვერ ნახავთ სახარებაში, სადაც უფალი ძალას იყენებს ადამიანებზე”

“ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავამთაროთ ამ შემთხვევით სპეკულაცია. სახარებაში ნახსენებია განრისხებული ქრისტეს მიერ იერუსალიმის ტაძრის განწმენდა და ეს შემთხვევა მოჰყავთ ხოლმე სამაგალითოდ ძალადობის მომხრეებს. როცა ნახა უფალმა, რომ ყაჩაღთა ბუნაგად ექციათ ტაძარი, გააკეთა შოლტი, დაუპნია ფული გადამცვლელებს, აუყირავა დახლები და მაგიდები და შოლტით გამოყარა ტაძრიდან ყველა, ასევე ხარები და ცხვრები. (იოან. 2,15) დიახ, აქ ძალით გამოყარა უფალმა ტაძრის შემბილწველები და მრისხანებაც არ დაუკლია მათთვის. მაგრამ, ვერ ხვდებით რისი მაგალითი მოგცათ ამით ქრისტემ? ტაძარში, ტაძარში როცა დავინახავთ უმსგავსობას და უღმერთობას, არ უნდა მოვითმინოთ და უღირსი საქმე არ უნდა ვაკადროთ ტაძარს, რათა კვლავ არ განვარისხოთ ქრისტე. ტაძარში მოიქცა ასე უფალი და არა ქვეყანაში. თქვენ ვერცერთ შემთხვევას ვერ ნახავთ სახარებაში, სადაც უფალი ძალას იყენებს ადამიანებზე. მრავალი ცოდვილი ცხოვრობდა იმ დროს იერუსალიმში და ისრაელში, მაგრამ ცემა-ტყეპით და მუშტი-კრივით არ შემოუვლია უფალს მისი ქვეყანა და არ უძალადია მათზე. პირიქით, მშვიდად ჯდებოდა მათთან, ესაუბრებოდა, უსმენდა, ასწავლიდა, აჩვენებდა ღვთისსათნო გზას და მოთმინებით იტანდა მათ ტვირთს. თუ მაინც და მაინც ეს შემთხვევა გახსოვთ, მიბაძეთ ქრისტეს და სწორედ ტაძრიდან დაიწყეთ შეცდომების გამოსწორება და განწმენდა.

ახლა, დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი მეტყვის: კი, მაგრამ მთელი საქართველოა ჩვენი ტაძარიო. ტყუიხართ, არ არის თქვენთვის მთელი საქართველო ტაძარი. თუ მთელი ქვეყანა ტაძარი გგონიათ, მაშინ გამაგებინეთ, როგორ იტანთ და უსიტყვოდ ეგუებით ამ ტაძარ-ქვეყანაში მაგალითად ამდენ კაზინოს?

როცა რაიმეს არგუმენტად მოგყავთ სახარება, სრულყოფილადაც უნდა გაიაზროთ ამ შემთხვევის შინაარსი. “-წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე.

banner
წინა სტატიაშიჯაღმაიძე – ზაზა გახელაძის საქმესთან დაკავშირებით რაღაც პოზიტიურის მოლოდინში ვართ
შემდეგი სტატიაელისო ბოლქვაძე უკმაყოფილოა- რა არ მოსწონს კომიტეტის თავმჯდომარეს უწყებაში