თქვენ გიგის ადვოკატი ხართ თუ მტერი”- გიგი უგულავას საქმის განხილვა ხმაურის ფონზე

თქვენ გიგის ადვოკატი ხართ თუ მტერი, – ასე მიმართა თბილისის მერის ყოფილმა მოადგილემ ტარიელ ხიზანეიშვილმა გიგი უგულავას ადვოკატს ბექა ბასილაიას.

“თქვენი ჩვენების საფუძველზე უგულავას მისჯილი აქვს პატიმრობა და თქვენ განსაჯეთ მე მტერი ვარ თუ მოყვარე”, – უპასუხა ბექა ბასილაიამ მოწმეს, რომელიც უგულავას პროცესზე თბილისის განვითარების ფონდიდან თანხების გაფლანგვასთან დაკავშირებით იკითხება.

დაცვის მხარის მიერ ხიზანეიშვილის დაკითხვა ხმაურის და მხარეებს შორის კამათის ფონზე მიმდინარეობს.

ბექა ბასილაიამ გამოძიებაში მიცემული ხიზანეიშვილის ჩვენების წარდგენა და მისი ხელმოწერის დადასტურება მოითხოვა, რაც ბრალდებამ გააპროტესტა.

ბასილაიამ ხიზანეიშვილს მატყუარა უწოდა და განაცხადა, რომ გამოძიებაში მიცემულ მის ჩვენებაში ბევრი გარემოება არ დააფიქსირდა, რასაც ახლა ხიზანეიშვილი უგულავას წინააღმდეგ ჩვენებაში აღნიშნავს. მანამდე ხიზანეიშვილმა პროკურორების შეკითხვებს უპასუხა.

მოწმემ განაცხადა, რომ 2011 წელს უგულავამ მიიღო გადაწყვეტილება “ნაციონალური მოძრაობის” საქალაქო სამსახურში დასაქმებული პარტიული აქტივისტების მუნიციპალური განვითარების ფონდიდან დაფინანსების შესახებ.

ხიზანეიშვილის ჩვენებით, “ნაციონალური მოძრაობის” კოორდინატორები მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფულს ჯერ ბარათებზე, შემდეგ კი ხელზე იღებდნენ. უგულავას საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვაში ედავებიან.

მუნიციპალური ფონდის საქმეზე უგულავასთან ერთად ბრალდებული მერიის კიდევ რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსანია.

banner
წინა სტატიაშიერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3406 ლარი გახდა
შემდეგი სტატია(video) ნიცას სამგლოვიარო ცერემონიაზე საფრანგეთის პრემიერს სტვენით და ყვირილით შეხვდნენ