ბოკუჩავა: თქვენთვის ადამიანების სიცოცხლე ძვირფასი არ არის და პანდემიასაც მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებთ

„თქვენ არ გაინტერესებთ სიღარიბე, რომელზეც ჩემი კოლეგები საუბრობდნენ, არ გაინტერესებთ გაჩერებული ეკონომიკა. არ გაინტერესებთ გაჩერებული ანაკლიის პროექტი, რომელსაც უნდა გარდაექმნა საქართველოს როლი, არა მხოლოდ ფინანსურად და ეკონომიკურად, არამედ გეოპოლიტიკურად. არ გაინტერესებთ გაქცეული ინვესტორები. არ გაინტერესებთ ის, რომ უამრავი ბავშვი ქვეყანაში შიმშილობს. რეგიონში ყველაზე დიდი შიმშილობის მაჩვენებელი, სწორედ საქართველოშია. საქართველოს მოსახლეობის 70% სიღარიბეში ცხოვრობს. ადამიანები ნისიებით ყიდულობენ ერთ აბ მედიკამენტს. არ გაინტერესებთ იმიტომ, რომ ვერ ხედავთ როდესაც თავმომწონედ საუბრობთ ამ ტრიბუნიდან, რაღაც ილუზორულ საქართველოზე და როდესაც სხედხართ ძვირადღირებულ მანქანებში. თქვენ ნამდვილ საქართველოს საერთოდ ვერ ხედავთ. ვერ ხედავთ მის ნამდვილ მოქალაქეებს, ვერ ხედავთ იმ ნამდვილ გაჭირვებას, რომელიც ამ ქვეყანაშია და ვერ ხედავთ იმ ნამდვილ კრახს, რომელიც განიცადა თქვენმა მთავრობამ, მათ შორის პანდემიის მართვაში“, – ამ სიტყვებით მიმართა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას “ წევრმა თინათინ ბოკუჩავა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს.

მისი თქმით, მოქალაქეები, რომლებმაც ვაქცინის პირველი დოზა უკვე გაიკეთეს, ვერ იღებენ მეორე დოზას, ქვეყანაში ვაქცინების არარსებობის გამო. დეპუტატის განცხადებით საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 2,6% არის ვაქცინირებული.

„ჩვენი მოქალაქეების მხოლოდ 2,6% აცრილი მაშინ, როდესაც არანაირი შეზღუდვები არ არსებობს რუსეთის მოქალაქეებზე საქართველოში შემოსვლისას. მაშინ როდესაც ცივილიზებული სამყაროს უდიდესმა ნაწილმა ასეთი შეზღუდვები დაუწესა რუსეთს. რატომ? იმიტომ, რომ იქ გავრცელებულია ეგრეთ წოდებული დელტა შტამი, რომელსაც ეძახიან ყველაზე საშიშ შტამს, რაც კი აქამდე გვინახავს. შეზღუდვებს აწესებენ იმიტომ, რომ მათთვის ადამიანების სიცოცხლე ძვირფასია, მაგრამ თქვენთვის ადამიანების სიცოცხლე ძვირფასი არ არის და პანდემიასაც მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებთ“, – განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

banner
წინა სტატიაში29 ივნისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.1579 ლარი ეღირება
შემდეგი სტატიავოლსკი – ცხრა წელზე ვერ დავამთავრებთ საუბარს იმიტომ, რომ ყოველდღე გვხდება ერთი და იგივე თემები