თოვდა… და თბილისს ებურა თალხი, დუმდა სიონი და დუმდა ხალხი

1921 წლის 25 თებერვალს, 12:00 საათზე დასრულდა საქართველოს დამოუკიდებლობის 3-წლიანი და საქართველოს კონსტიტუციის 4-დღიანი ისტორია… საქართველო ოკუპაციის ქვეშ მოექცა.

ამიერკავკასიის გასაბჭოება დღის წესრიგში 1920 წელს დადგა. 1920 წლის აპრილის მიწურულს წითელმა არმიამ ბაქო აიღო, წლის დასასრულს – ერევანი და ჯერი თბილისზე მიდგა. საქართველოს ოკუპაცია შემდეგი სცენარით იყო დაგეგმილი: საქართველოში უნდა მომხდარიყო არსებული მთავრობის წინააგმდეგ მშრომელთა შეიარაღებული გამოსვლა. აჯანყებულთ უნდა შეედგინათ მთავრობა, რომელიც საქართველოს მშრომელთა სახელით მიმართავდა საბჭოთა რუსეთს დახმარებისათვის. აჯანყების ინიცირება დაიწყო 11 თებერვლის ღამეს ლორეს რაიონში, რეალურად კი ეს არა აჯანყება, არამედ სომხეთში განლაგებული წითელი არმიის ნაწილების თავდასხმა იყო საქართველოზე. მოულოდნელი თავდასხმის გამო ქართული ნაწილები დამარცხდნენ და დიდი დანაკარგიც განიცადეს. 11 თებერვლის აჯანყება ქართველებს სომეხთა მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის მცდელობა ეგონათ, ამიტომ მათ ჯარი სადახლოს მიდამოებში განალაგეს. რუსების ჯარი, რომელმაც საზღვარი წითელი ხიდიდან გადმოლახა, ზურგიდან დაესხა ქართველებს თავს და დიდი ზარალიც ანახა. თავდაპირველად ქართველებს 10000 კაციანი ჯარი გააჩნდათ, ხსენებული შეტაკების შემდეგ კი თბილისში მხოლოდ 2000–მა კაცმა მოიყარა თავი. საბჭოთა რუსეთს, საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან შედარებით, მნიშვნელოვანი რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდა. 1921 წლის 16 თებერვლისთვის მთლიანობაში საბჭოთა სამხედრო ძალები მე–11 და მე–9 არმიის ჩათვლით, ასევე მხარდამჭერ ერთეულებიანად – 98–ე მსროლელი ბრიგადის, საბჭოთა სომხეთის ცხენოსანი ბრიგადისა და ბაქოს წითელი ბრიგადის ჩათვლით, 40 ათასზე მეტ გამოცდილ მეომარს ითვლიდა 4 300–იანი კავალერიით, მათ შორის, ასევე გააჩნდა 196 ცალი საარტილერიო დანადგარი, 1065 ერთეული ტყვიამფრქვევი, 50 თვითმფრინავი, 7 ჯავშნოსანი მატარებელი, 4 ტანკი და უამრავი ჯავშნოსანი მანქანა. ამ ძალებისთვის საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შეეძლო, მხოლოდ 1 და მე–2 მსროლელი დივიზიის 11 ათასი ჯარისკაცი, სამთო საარტილერიო დივიზია, სოხუმის 1 სასაზღვრო პოლკი, მე–2 სასაზღვრო პოლკი დაეპირისპირებინა.

1921 წლის თებერვალ–მარტის ომის საწყისს ასე აღგვიწერს ნოე ჟორდანია: “გვქონდა ცნობა, რომ პირველი შემოტევა დაიწყება ბორჩალოს საზღვრებთან და მას გამოაცხადებდნენ აჯანყებად; ამნაირად რუსეთი მთელს ომს ევროპაში გადმოიტანს და ამით ხელს მოიბანს. ოდიშელიძეს და ზაქარიაძეს (სამხედრო მოღვაწეები) მივეცით სრული კარტ–ბლანში ბორჩალოს გასამაგრებლად; …რასაკვირველია, ამ სომხებით დასახლებული მიდამოების შემოერთება დიდი შეცდომა იყო, მაგრამ ჩვენმა სტრატეგებმა ასე გადაწყვიტეს… მოხდა ისე, როგორც ველოდით: 11 თებერვალს მოხდა “აჯანყება”, აჯანყდნენ ბორჩალოს “სომხები”. გარეკეს ჩვენი ჯარი, დაატყვევეს ბევრი. ერთი სიტყვით, ცნობილი სამარცხვინო დამარცხება. მაშინვე დავიბარე ოდიშელიძე და მოვთხოვე ამ სირცხვილის ანგარიში. მან მომცა ასეთი განმარტება: ჯარი დამარცხდა იმიტომ, რომ იყო დანაწევრებული და შეერთება ვერ მოასწრეს. გამიკვირდა, შევუტიე, როგორ დანაწევრებული, ომისთვის ვემზადებოდით და თქვენ ჯარები დაფანტეთ–მეთქი! მე რა შუაში ვარო, – მომიგო, – ეს მოახდინა დამფუძნებელი კრების სამხედრო კომისიის თავმჯდომარე აკ. ჩხენკელმა, დეკემბერშიო! გული მომივიდა და ვუთხარი, ვინაა ჯარების უფროსი – თქვენ თუ ჩხენკელი–მეთქი და გამოვუცხადე, დაუყოვნებლივ გადამდგარიყო დაკავებული ადგილიდან. …გავმართე თათბირები, მთავრობის სხდომა და გადაწყდა გ. კვინიტაძის დანიშნვა მთავარსარდლად. არავითარი სხვა არჩევანი არ შეიძლებოდა. ყველა ამბობდა, რომ ჯარი მას ენდობოდა, მას გაყვებოდა, ის გაამხნევებდა… გადავწყვიტე მასთან წინასწარი მოლაპარაკება. შეხვედრისთანავე დაიწყო შეტევა ოდიშელიძეზე და მეტად უზრდელი სახელი უწოდეს მას. იგი აფორიაქებული ლაპარაკობდა და მე ეჭვი შემეპარა მის გამარჯვებაში…”.

16 თებერვალს წითელი არმიის ნაწილებმა წითელი ხიდის მეშვეობით საქართველოს სამხრეთ საზღვარი გადმოლახეს და სოფელი შულავერი დაიკავეს. აქ მათ მოხალისეთა რაზმებმა კახეთიდან სტეფანე ახმეტელის მეთაურობით წინააღმდეგობა გაუწიეს. შემდეგ ბოლშევიკები ჩრდილოეთით თბილისისკენ დაიძრნენ.

17 თებერვალს სამხედრო ძალებს სათავეში ჩაუდგა მთავარსარდალი – გენერალი კვინიტაძე. მან ფრონტის ხაზის სამ ნაწილად დაყოფაგადაწყვიტა. ცენტრალური მხარე – გიორგი მაზნიაშვილს, დასავლეთი – ალექსანდრე ანდრონიკაშვილს, ხოლო აღმოსავლეთი გენერალ ჯიჯიხიას გაუნაწილდათ.

ამონარიდი გიორგი მაზნიაშვილის წიგნიდან “მოგონებანი. 1917–1925″: “14 თებერვალს მთავრობის დადგენილებით, რომელიც გამოწვეული იყო დამფუძნებელი კრების ეროვნულ–დემოკრატიული ერთი ჯგუფის ზეგავლენით, მთავარსარდალი ოდიშელიძე თანამდებობიდან გადაყენებულ იქნა, მის ადგილას დაინიშნა გენერალი კვინიტაძე. ეს იყო დიდი გამოუსწორებელი შეცდომა მთავრობისა. ყველა ქართველ გენერალში ოდიშელიძე თვალსაჩინოდ ირჩეოდა უმაღლეს სარდლობაში. მას ჰქონდა დიდი მხედრული და ადმინისტრაციული სტაჟი. ევროპის უდიდესი ომის დროს გენერალმა ოდიშელიძემ მიიპყრო განსაკუთრებული ყურადგება რუსეთის ჯარების მთავარი შტაბისა. ომის დასაწყისში ჩვენ მას ვხედავთ პირველი არმიის შტაბის უფროსის თანამდებობაზე, ომის მეორე პერიოდში ოდიშელიძე ინიშნება მე–15 კორპუსის უფროსად და შემდეგ მოკლე ხნის განმავლობაში – კავკასიის არმიის უფროსად. აი, ასეთ კაცს სცვლის მთავრობა გაჩაღებული ომის დროს და ნიშნავს ისეთ პირს, რომელიც სამხედრო სტაჟით მეტად ჩამორჩება ოდიშელიძეს.…ფრონტის მდგომარეობა კი 24 თებერვალს ასეთი იყო: მოწინააღმდეგის იერიშები ყველა რაიონში მოგერიებული იქნენ და დარწმუნებული ვიყავი, რომ მთელი დღის ბრძოლებით დაქანცული მოწინააღმდეგე ღამის იერიშებს არ მოახდენდა, ხოლო დილით, რადგანაც მოწინააღმდეგე იდგა მთის გაშლილ ფერდობზე და ხევებში, ჩვენი კარგად მოწყობილი პოზიციების პირდაპირ, იძულებული გახდებოდა, ან იარაღი დაეყარა, ანდა, თუ ვინიცობაა, უკან დაიხევდა, მთლად გამწყდარიყო, ლეგიონების უფროსებთან ტელეფონით საუბრისას ეს ჩემი აზრი თანდათან მტკიცდებოდა. ღამის 11 საათზე და 23 წუთზე მოულოდნელად მიმიხმეს პირდაპირ მავთულთან და გადმომცეს მთავარსარდლის ბრძანება ტფილისიდან მცხეთაში უკან დახევის შესახებ… ამ ბრძანებამ ძალიან გამაკვირვა და გამაოცა. 12 საათამდე დარჩენილიყო რამდენიმე წუთი. ცოტა ხნის შემდეგ გუდანაბადი უნდა აგვეკრა და გავქცეულიყავით ტფილისიდან. ჯერ კიდევ 24 თებერვალს საინტენდანტო და საარტილერიო საწყობებმა მოზიდეს ჩემს რაიონში სანოვაგისა და ვაზნების უამრავი მარაგი და… უცბად უკან დახევა სატახტო ქალაქიდან! ეს საშინელება იყო”.

18 თებერვალს იაღლუჯის მიდამოებში ქართველმა მეომრებმა მოიპოვეს საბრძოლო წარმატება. განსაკუთრებით თავი ისახელეს თბილისის სამხედრო სკოლის იუნკერებმა, რომლებმაც მტერი ქოროღლის ციხის, კუმისის და ვაშლოვანის იქით განდევნეს.

19 თებერვალს, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან რუსების უპირატესობა აშკარად იგრძნობოდა, ქართულმა ჯარმა წითელ არმიას ძლიერი დარტყმა მიაყენა და უკან დაახევინა. ქართველები არა მარტო იგერიებდნენ მტრის შემოტევებს, არამედ თვითონაც გადადიოდნენ კონტრშეტევებზე და ამ საქციელით მტრის გაოცებას იწვევდნენ. ქართველებმა 1000 ტყვე იგდეს ხელთ.

20 თებერვალს კოჯრის რაიონში მე-11 წითელი არმიის ნაწილები კვლავ დამარცხდნენ, ბრძოლის ველზე ზარბაზნები და ტყვიამფრქვევები მიატოვეს და უკან დაიხიეს.

19-20 თებერვალს სოფელ ტაბახმელასთან, თბილისის მისადგომებთან მე-11 არმიის ნაწილებს წინააღმდეგობა 510-მა იუნკერმა გაუწია. მათ 4 ზარბაზანი და 6 ტყვიამფრქვევი ჰქონდათ. რაზმს პოლკოვნიკი ა. ჩხეიძე მეთაურობდა. სოფელი ქართველ იუნკერებს დარჩათ, თუმცა წითელმა არმიამ მათ გვერდი აუარა და შეტევა გააგრძელა.

23 თებერვალს სარკინიგზო მიმოსვლა განახლდა (გენერალმა წულუკიძემ ლიანდაგები ააფეთქა და გზები დაანგრია, რომ მტრის შემოსვლა შეეჩერებინა), რამაც რუსეთის რეზერვის შევსება გამოიწვია და მათი შეტევა გააძლიერა დედაქალაქის მიმართულებით.

17-24 თებერვალს ბრძოლები მიმდინარეობდა თბილისის მისადგომებთან. მიუხედავად გარკვეული წარმატებებისა, 24 თებერვლისთვის რუსეთ-საქართველოს ომის ფრონტის ხაზი კახეთიდან მანგლისამდე 90 კმ-ზე იყო გადაჭიმული, რომლის დაცვა რეზერვების სიმცირის გამო შეუძლებელი ხდებოდა. თბილისის მისადგომები ზოგ რაიონში საერთოდ დაუცველი იყო. თბილისის მისადგომებთან გამართული სისხლისმღვრელი ბრძოლებისას იუნკერებთან ერთად დაეცა პოეტ კონსტანტინე მაყაშვილის 20 წლის ქალიშვილი მარო. ის ყუმბარის ნამსხვრევით სასიკვდილოდ დაიჭრა კეფაში.

23 თებერვალს კოჯორ–ტაბახმელასთან ბრძოლები შეწყდა, იუნკერები კი დიდი პატივით დაკრძალეს ეკლესიის ეზოში, სადაც ამჟამად პარლამენტის ყოფილი შენობაა განთავსებული.

აღსანიშნავია ივანე ჯავახიშვილის მიმართვა თავისი სტუდენტებისადმი: “შვილებო, ჩემი მოვალეობაა, თქვენ წიგნისა და კალმისაკენ მოგიწოდოთ, მაგრამ ერის ცხოვრებაში არის ისეთი მომენტები, როცა საჭიროა, ყველაფერი განზე გადასდო და იარაღით ხელში მტერს მიეგებო. და აი, მე თქვენ დღეს იარაღისკენ მოგიწოდებთ”.

24 თებერვალს, საღამოს 22:00 საათზე მთავრობამ და გენერალმა გ. კვინიტაძემ მიიღეს გადაწყვეტილება მცხეთის მიმართულებით უკანდახევისა და ახალი გამაგრებული ხაზის შექმნის შესახებ. მთავრობამ დატოვა თბილისი.

25 თებერვალს დედაქალაქში რუსეთის მე-11 წითელი არმიის ნაწილები უბრძოლველად შევიდნენ. ბაქოდან სერგო ორჯონიკიძემ ლენინს დეპეშით აცნობა: „თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს, გაუმარჯოს საბჭოთა ხელისუფლებას!“.

თბილისის დატოვების შემდეგ ქართულ ჯარს წითელ არმიასთან რამდენიმე შეტაკება ჰქონდა მცხეთასთან, გორთან, ოსიაურში, სურამის უღელტეხილზე. მთავრობა ბათუმში გადავიდა. მას კაპიტულაცია არ გამოუცხადებია.

2010 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომელიც ავალებს მთავრობას, ყოველ 25 თებერვალს, ოკუპაციის ასეულ ათასობით მსხვერპლთა პატივსაცემად, რომლებიც კომუნისტურმა საოკუპაციო რეჟიმმა პოლიტიკური ნიშნით სიცოცხლეს გამოასალმა, დაუშვას სახელმწიფო დროშები და გამოცხადდეს წუთიერი დუმილი.

1921 წლის ომის თემაზეა შექმნილი ქართველი პოეტის კოლაუ ნადირაძის ლექსი „25 თებერვალი“:

თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.

ძილ-ღვიძლად იყო ქალაქი ჩვენი,
საშინელებას კვლავ სჭედდა გრდემლი –
ისევ გოლგოთა, სისხლი და ცრემლი!

მშობელო დედავ, ისევ გაგყიდეს,
ისევ წამების ჯვარი აგკიდეს,
არ შეგიბრალეს, კვლავ არ დაგინდეს!

თოვდა და თბილისს ებურა თალხი.
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.

დაცხრა კოჯორი და ტაბახმელა,
მხოლოდღა თოვლი ცვიოდა ნელა,
ეფინებოდა გმირების გვამებს –
განგმირულ მკერდებს, დალეწილ მკლავებს,
და უძრავ იყო თებერვლის ღამე.

თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.

იმ გზით, სად წინათ ელავდნენ ხმლები,
სად სამას გმირთა დაიფშვნა ძვლები,
სად ქართლის დედის ცრემლით ნანამი,
მძიმედ დაეშვა ჩვენი ალამი,
სად გმირთა სისხლით ნაპოხიერი,
თოვლს დაეფარა კრწანისის ველი, –

წითელი დროშით, მოღერილ ყელით,
თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით
შემოდიოდა სიკვდილი ცელით!

თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი!

 

banner
წინა სტატიაშიალექსეი ნავალნის ცხედარი დედას გადაეცა
შემდეგი სტატიათბილისის ნაწილს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება