თორნიკე შარაშენიძე : რუსეთის მოქმედებები მის შიდა პოლიტიკას უკავშირდება

ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე მიიჩნევს, რომ რუსეთის მოქმედებები მის შიდა პოლიტიკას უკავშირდება. ამის შესახებ ექსპერტმა ქერჩის სრუტეში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის რეიტინგი დაეცა, ამასთან, უკრაინას არ აქვს შესაძლებლობა, რუსეთს წინააღმდეგობა გაუწიოს.

„ეს მოქმედებები უკავშირდება რუსეთის შიდა პოლიტიკას. მოგეხსენებათ, პუტინის რეიტინგი დაეცა. სამწუხაროდ, უკრაინას ამ მდგომარეობითა და პოლიტიკური ელიტით, თითქმის არ აქვს შანსი, რამე წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთს. შევხედოთ ერთ ცოტა კომიკურ ფაქტს – უკრაინას დღემდე არ გაუწყვეტია რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა, მაშინ, როდესაც რუსეთმა მას პირდაპირ წაართვა ტერიტორია. ჩვენს შემთხვევაში, ცოტა უფრო რბილი შემთხვევა იყო, აღიარა ჩვენი ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად და მაშინვე გავწყვიტეთ მასთან დიპლომატიური ურთიერთობა. საერთოდ, დსთ-დან უკრაინა რამდენიმე თვის წინ გამოვიდა“, – განაცხადა შარაშენიძემ.

ექსპერტის შეფასებით, აღნიშნული ფაქტები მიანიშნებს, რომ უკრაინის მოქმედ პოლიტიკურ ელიტას ძალიან ცოტა შესაძლებლობა აქვს, ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიოს რუსულ აგრესიას.

„სამწუხაროდ, ამით ყველაფერი ნათქვამია. ჩვენგან ყველაფერი მიიღო, რაც უნდოდა და ჩვენს კონტექსტში ამ ფაქტს არ განვიხილავდი. თუ აგრესია შერჩა და ამის შანსი სამწუხაროდ, უკვე არსებობს, რადგან უკრაინის პოლიტიკური ელიტა ძალიან სუსტი და უუნაროა, ეს რუსეთს კიდევ უფრო გაათამამებს და გაათავხედებს და ამ კუთხით არის ცუდი“, – თორნიკე შარაშენიძემ.

რუსულმა ხომალდებმა უკრაინის კატარღებს ოდესის პორტიდან მარიუპოლის პორტში გადაადგილების დროს ცეცხლი გაუხსნეს. ინციდენტის შედეგად, უკრაინის ექვსი მოქალაქეა დაშავებული. უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენლის ცნობით, რუს მესაზღვრეებს 20-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ჰყავთ დაკავებული.

უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭო 60-დღიანი საომარი მდგომარეობის შემოღების ინიციატივით გამოვიდა. უკრაინის პრეზიდენტი წინადადებას მხარს უჭერს.

banner
წინა სტატიაში„გრიგოლ ვაშაძე იგებს არჩევნებს“, – ვაშაძე „ედისონ რისერჩის“ კვლევას ეხმაურება
შემდეგი სტატიაქეთევან ციხელაშვილი : საქართველო უკრაინის გვერდით არის