თორდიასა და ფარცხალაძეს შორის მომხდარი ინციდენტი გავრცელებულ ვიდეო კადრებთან არავითარ კავშირში არარის – NGO-ების განცხადება

8 არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოსგენერალურ აუდიტორსა და ოთარ ფარცხალაძეს შორის მომხდარი ინციდენტის ირგვლივგანვითარებულ მოვლენებს და გამოძიების მიმდინარეობის საკითხს სპეციალური განცხადებით ეხმაურებიან.
განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ 24 მაისს საეჭვოდ გავრცელდა გენერალური აუდიტორის მაკომპრომენტირებელი ვიდეო მასალა, სადაც სავარაუდოდ ლაშა თორდიას 2016 წლის 24 დეკემბერს კაფე-ბარ „პ.ა.მ კლუბში“ მომხდარი ინციდენტი არის ასახული.

როგორც გაირკვა, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის საფუძველზე 2016 წლის 24 დეკემბრიდან მიმდინარეობს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, რომ ინფორმაცია შესაძლო დანაშაულის შესახებ სამინისტროს ჯერ კიდევ 2016 წლის 24 დეკემბერს ჰქონდა, თუმცა დღემდე ვიდეომასალის ავთენტურობის საკითხი დადგენილი არ არის და არ არის გამოკვეთილი პასუხისმგებელი პირი. მიგვაჩნია, რომ ვიდეომასალის გავრცელება საეჭვოდ ემთხვევა ლაშა თორდიასა და ოთარ ფარცხალაძის შორის მომხდარ ინციდენტზე დაწყებულ გამოძიებას და შესაძლოა, ამ შემთხვევის აქტუალურობის გადაფარვის მცდელობას ისახავდეს მიზნად. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს არ არის პირის მაკომპრომეტირებელი მასალის გასაჯაროების პირველი შემთხვევა. სამწუხაროდ, მსგავსი ეჭვები წარსულშიც არაერთხელ გაჩენილა, ეს კი შესაძლოა, სამართალდამცავი სისტემის მუშაობის მანკიერ მეთოდებზე მიუთითებდეს. ამასთან გაუგებარია, როგორ მოხდა გამოძიების ხელთ არსებული ვიდეო მასალის გასაჯაროება. დამატებით ეჭვებს აჩენს ოთარ ფარცხალაძის მიერ მიმდინარე წლის 14 მაისს გაკეთებული განცხადება, სადაც ის ლაშა თორდიას „შეუფერებელ“ ქცევაზე მიუთითებს. აღნიშნული განცხადება აჩენს საფუძვლიან ეჭვებს, რომ ოთარ ფარცხალაძემ წინასწარ იცოდა ვიდეო მასალის არსებობის შესახებ. ამგვარი განცხადების გავრცელება კი შესაძლოა ასევე შეფასდეს მთავარი აუდიტორის დაშინებისა და მასზე ზემოქმედების მცდელობად.

ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელსა და ოთარ ფარცხალაძეს შორის მომხდარი ინციდენტი არავითარ კავშირში არ არის გავრცელებულ ვიდეო კადრებთან და ორივე შემთხვევა დამოუკიდებლად უნდა იქნას გამოძიებული. ბოლო პერიოდის მოვლენათა ქრონოლოგია კიდევ ერთხელ მიუთითებს სამართალდამცავი ორგანოების პოლიტიზირების პრობლემაზე და აჩენს ლეგიტიმურ ეჭვებს ამ ორგანოთა საქმიანობის მიმართ.

ამასთანავე განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ 24 მაისს გავრცელებული ვიდეომასალის ავთენტურობის დადგენის შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ამ ინციდენტს უნდა მოყვეს შესაბამისი რეაგირება. კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ყველას ერთნაირად უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა ჩადენილი კანონდარღვევისთვის. თუმცა, ამასთანავე, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ კონკრეტული მტკიცებულება არცერთ შემთხვევაში არ უნდა იქნას გამოყენებული პირის მაკომპრომეტირებელ იარაღად.

მიგვაჩნია, რომ უკიდურესად მნიშვნელოვანია კონსტიტუციური ორგანოს ხელმძღვანელის მიმართ, სავარაუდოდ ამ ორგანოს საქმიანობასთან კავშირში ჩადენილი ძალადობრივი აქტის ობიექტური და დროული გამოძიება, რომელიც საქართველოს პარლამენტის აქტიური მონაწილეობით უნდა განხორციელდეს. ასევე მნიშვნელოვანია ჩატარდეს დროული გამოძიება და შესაბამისი კვალიფიკაცია მისცეს 2016 წლის 24 დეკემბერს მომხდარ ინციდენტს”- ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

banner
წინა სტატიაშიპროფესორ ჰანს იორგ ალბრეხტს მიენიჭა სტუ-ს სამართლის დოქტორის საპატიო წოდება
შემდეგი სტატია,,საპატრიარქოში განხეთქილების შემოქმედი, ქვეყნის დე-ფაქტო მმართველი ბიძინა ივანიშვილია”