თოფაძე-მრეწველები, ჩვენი სამშობლომ” ცესკოს სასამართლო მოუგო

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ დააკმაყოფილა საარჩევნო ბლოკ „თოფაძე-მრეწველები, ჩვენი სამშობლოს’’ სარჩელი, მოპასუხე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ.

“მხარეთა შორის დავის საგანს ადმინისტრაციულ-სამართლებრვი აქტის ბათილად ცნობა წარმოადგენდა, რომლის თანახმადაც საარჩევნო სუბიექტს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილოებისათვის რეგისტრაცია გაუუქმდა. მოსარჩელე მხარემ, ასევე მოითხოვა საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი პარტიული სიისა და კანდიდატების რეგისტრაციაზე ახალი აქტის გამოცემის დავალება.

წარმოდგენილი სარჩელის თანახმად, მოსარჩელემ 2016 წლის 8 სექტემბერს წარადგინა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პარტიული სია, როგორც წერილობითი ასევე ელექტრონული ფორმით. 2016 წლის 11 სექტემბერს კი, პარტიული სიის წარუდგენლობის მოტივით გაუქმდა ბლოკის რეგისტრაცია.

მოპასუხე მხარემ განმარტა, რომ საარჩევნო ბლოკისათვის რეგისტრაციის გაუქმება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით მოხდა, შესაბამისად მათი მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. კერძოდ, სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელე მხარის პოზიცია რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაციის დადგენილ ვადაში წარდგენის თაობაზე, შესაბამისად სადავო განკარგულება ბათილად იქნა ცნობილი.

აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანიდან 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში”, – ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურა თევზაძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატია(video) გოდერძი თევზაძე მოვედი იმისთვის რომ პოლიციელის მუნდირი დავიცვა თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ