თოლორაია უმრავლესობის წევრებს : თუ პრობლემა დაინახეთ, მე რატომ ვიგებ ამის შესახებ დღეს, კანონპროექტით?

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელის, ლონდა თოლორაიას განცხადებით, „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ ახალი კანონი არის არსებულის copy – paste.

მან გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე დეპუტატებს კითხვით მიმართა და დაინტერესდა, რითი აძლიერებენ სამსახურს, სახელმწიფო ინსპექტორის გარანტიებს და ხელშეუხებლობას ახალი კანონპროექტით, იმისთვის, რომ ორი წლის თავზე კვლავ არ გახდეს ამ კანონის შეცვლა საჭირო და „კვლავ არ მოისროლოს მმართველმა გუნდმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და მისი თანამშრომლები სანაგვეზე“.

„მაინტერესებს კონკრეტული მაგალითები, როდის დაინახეთ თქვენ პრობლემა პერსონალურ მონაცემთა დაცვასა და გამოძიების ფუნქციას შორის კვეთაში? მე, როგორც ამ სამსახურის ხელმძღვანელს, კონკრეტული მაგალითები მჭირდება. რა თქმა უნდა, მაინტერესებს, სად დაინახა პარლამენტმა ეს პრობლემები და თუ პარლამენტმა ეს პრობლემები დაინახა, ამის შესახებ მე რატომ ვიგებ დღეს ამ კანონპროექტით? არსებობდა არაერთი ფორმატი, სადაც თქვენ შეგეძლოთ ნებისმიერ დროს დაგეძახათ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის, ჩემთვის და მე არ მახსენდება შემთხვევა, როდესაც თქვენს დაძახებულზე არ მოვსულიყავი საქართველოს პარლამენტში, არ მახსენდება შემთხვევა, როცა მე რაიმე კოლეგიალობის ან ანგარიშვალდებულების პრინციპი დამერღვიოს საქართველოს პარლამენტთან. მაინტერესებს, სად დაინახეთ ეს პრობლემა და ეს პრობლემა სანამ გამოიხატება ამ კანონპროექტში, ამის შესახებ რატომ არ ვიყავით ჩვენ ინფორმირებული? ჩამომითვალეთ კონკრეტული მუხლები, რომლებიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დამოუკიდებლობის უკეთეს გარანტიებს ქმნის, იმიტომ, რომ არსებული კანონი არის იმ კანონის copy paste, რაც არის. მაინტერესებს, რითი აძლიერებთ ამ სამსახურს, სახელმწიფო ინსპექტორის გარანტიებს და ხელშეუხებლობას იმისთვის, რომ ორი წლის თავზე კვლავ არ შეცვალოთ ეს კანონი და კვლავ არ მოისროლოთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და მისი თანამშრომლები სანაგვეზე?

თუ ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ვაუმჯობესებთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობას, რატომ არ არის ახალ კანონში ასახული სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ წარმოდგენილი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონში გათვალისწინებული პროგრესული სიახლეები და რატომ არის ეს არსებულის copy paste? თუ ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ვაძლიერებთ საგამოძიებო მიმართულებას და აქვე ვადასტურებ, რომ ლონდა თოლორაია არასდროს იქნება პროგრესული რეფორმების წინააღმდეგი, პირიქით, მე რომ არ პროცესში ვყოფილიყავი ჩართული, ეს შესაძლებელია დასრულებულიყო ამ უწყებების გაყოფით, ოღონდ არა ამ ფორმატში, როგორც ახლა ხდება. იმიტომ, რომ თუ ეს აძლიერებს ორივე სამსახურს, პირველი ვიქნებოდი ვინც იტყოდა, რომ ეს ასე უნდა ყოფილიყო. თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ვაძლიერებთ სამსახურს, რატომ არ არის გათვალისწინებული ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციები?“- მიმართა ლონდა თოლორაიამ უმრავლესობის წევრებს.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე დაკავებული ოთხივე პირი ბრალს აღიარებს
შემდეგი სტატიათოლორაია „ოცნებას“ – რას უპირებთ თანამშრომლებს? არჩევით თანამდებობებში ჩაერევით და ეტყვით: „ლონდა დატოვე, გიორგი გაუშვი, სალომე დატოვე, სოფო გაუშვი?