კანონის უზენაესობის ცენტრის ხელმძღვანელი და ორგანიზაცია ჩემი ხმა ევროკავშირს წარმომადგენელი ლონდა თოლორაია ამბობს, რომ ხელისუფლება სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიმართ მიზანმიმართულ შეტევას ახორციელებს.
ის ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას “უკანონოს” უწოდებს და ამბობს, რომ მიუხედავად გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, “ამ აქტის მოქმედება გრძელდება და აბრკოლებს სადამკვირვებლო საქმიანობის განხორციელებას”.
“მიმდინარეობს მიზანმიმართული შეტევა სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიმართ, რისთვისაც ხელისუფლება ინსტრუმენტად იყენებს როგორც ანტიკორუფციულ ბიუროს, ასევე სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებს.
წინა კვირაში პრემიერმინისტრის ქოლგის ქვეშ არსებულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ მიიღო უკანონო გადაწყვეტილება და კოალიციის თავმჯდომარე ორგანიზაციას და მის ხელმძღვანელს აუკრძალა რესურსების სადამკვირვებლო მისიისთვის გამოყენება. ეს უკანონო გადაწყვეტილება როგორც გამოხატვის თავისუფლების დარღვევის აშკარა ნიმუში უკვე გასაჩივრებულია, თუმცა ამ აქტის მოქმედება გრძელდება და აბრკოლებს სადამკვირვებლო საქმიანობის განხორციელებას”, – ამბობს ლონდა თოლორაია.
ანტიკორუფციულმა ბიურომ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, მისი აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, ასევე ორგანიზაცია აირჩიე ევროპა, მისი დირექტორი ხათუნა ლაგაზიძე და ორგანიზაციის თანადამფუძნებლები გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად ცნო. მათზე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ ორგანული კანონის მესამე თავით გათვალისწინებული შეზღუდვები გავრცელდება.
ბიუროს გადაწყვეტილებით, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, მისი აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, ორგანიზაცია “აირჩიე ევროპა, მისი დირექტორი ხათუნა ლაგაზიძე და თანადამფუძნებლები ვალდებულნი არიან 5 დღის ვადაში ბიუროს წარუდგინონ გადაწყვეტილებით დადგენილი საანგარიშო პერიოდის შესაბამისი ფინანსური ანგარიშები. ასევე გახსნან და წარმოადგინონ ინფორმაცია იმ საბანკო ანგარიშების რეკვიზიტების შესახებ, რომლებიც გამოიყენება მათ საარჩევნო მიზნებთან დაკავშირებული შემოსავლებისა და ხარჯებისთვის.