თოლორაია „ოცნებას“ – რას უპირებთ თანამშრომლებს? არჩევით თანამდებობებში ჩაერევით და ეტყვით: „ლონდა დატოვე, გიორგი გაუშვი, სალომე დატოვე, სოფო გაუშვი?

მიზეზები, რასაც ახლა ვამბობ, მაფიქრებინებს, რომ ჩვენ რეალურ რეფორმას ამ კანონით არ ვატარებთ, – ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ საპროცედურო საკითხთა და წესების და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა, სადაც სამსახურის გაუქმების შესახებ ახალ კანონპროექტზე მსჯელობენ.

„თქვენ თქვით, რომ არაფერი უქმდება, რატომ ხდება ამ სამსახურის ლიკვიდაცია და არა რეორგანიზაცია? რატომ არ ნაწილდებიან ეს თანამშრომლები ორ სხვადასხვა სამსახურში? თქვენ დაიწყეთ ძალიან დიდი პათოსით და მიმართეთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებს, რომ ისინი არსად მიდიან. ეს არის საკითხი, რომელიც ყველაზე მეტად მაღელვებს. მაშინ, მე კანონპროექტიდან ციტატას მოგიყვანთ: „2022 წლის მარტიდან თანამდებობიდან გათავისუფლდნენ სახელმწიფო ინსპექტორი, მისი პირველი მოადგილე, მოადგილეები, პირველი მარტიდან შეუწყდეთ შრომითი ურთიერთობები და სამსახურიდან გათავისუფლდნენ სახელმწიფო ინსპექტორის სხვა თანამშრომლები“. თქვენ თქვით, რომ რეკომენდაციას გასცემთ, რა რეკომენდაციას გასცემთ? სახელმწიფო ინსპექტორის ახალ არჩევით თანამდებობებში ჩაერევით და ეტყვით, რომ ლონდა დატოვე, გიორგი გაუშვი, სალომე დატოვე, სოფო გაუშვი, თუ როგორ აპირებთ ამ პროცესში ჩარევას შემდგომ? ან რას ნიშნავს პარლამენტის რეკომენდაცია ვის ჩამოხრჩობა, ვის სიკვდილი? რას უპირებთ ამ თანამშრომლებს? ამ მუხლით, ყველანი მიდიან 1-ელი მარტიდან სახლში. რამ შეგიშალათ ხელი ამ კანონის გარდამავალ დებულებაში ზუსტად იგივე ჩანაწერი ყოფილიყო, როგორიც იყო თავის დროზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონში, როდესაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი გახდა სახელმწიფო ინსპექტორი თავისი მოადგილით და როდესაც ყველა თანამშრომელმა გააგრძელა მუშაობა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მყოფი ვერცერთი თანამშრომელი ვერ იტყვის, რომ ლონდა თოლორაიამ რაიმე პრობლემა შეუქმნა რომელიმე ძველ თანამშრომელს. პირიქით, ძალიან ბევრი მათგანი დღეს უფრო მაღალ თანამდებობაზეა და ერთ-ერთი ჩემი მოადგილეც გახლავთ სწორედ ძველი კადრი.

გავიგეთ, რომ კანონპროექტის შემუშავების პროცესში მონაწილეობა არ მივიღეთ, რადგან ამის ღირსადაც არ ჩავითვალეთ, მაგრამ მაინტერესებს, რატომ არ გამოგვეგზავნა თუნდაც უკვე დაინიცირებული კანონპროექტი იმისთვის, რომ დღეს ჩვენ მეტი ინფორმაცია გვქონოდა? ეს მიზეზები, რასაც ახლა ვამბობ, მაფიქრებინებს, რომ ჩვენ რეალურ რეფორმას ამ კანონით არ ვატარებთ“, – განაცხადა თოლორაიამ.

banner
წინა სტატიაშითოლორაია უმრავლესობის წევრებს : თუ პრობლემა დაინახეთ, მე რატომ ვიგებ ამის შესახებ დღეს, კანონპროექტით?
შემდეგი სტატიასამადაშვილი ივანიშვილზე: მოატყუა საერთაშორისო საზოგადოება და არანაირი მართლმსაჯულების რეფორმა არ მიმდინარეობს