“თმას არ შეგატოვებ თავზე საზიზღარო”-საბავშვო ბაღის ძიძა აღსაზრდელისთვის შეურაცხყოფის მიყენების გამო გაათავისუფლეს

ბათუმის მეექვსე საბავშვო ბაღის ძიძა აღსაზრდელისთვის შეურაცხყოფის მიყენების გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს. ბაღის აღმზრდელმა, ნათია ცინცაძემ “ინტერპრესნიუსს” ვიდეო აჩვენა, სადაც ძიძა შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავს აღსაზრდელს. ვიდეოზე შეურაცხმყოფელი ფრაზები ისმის იმ დროს, როცა ძიძას მოზარდი გოგონა აბაზანაში შეჰყავს და აბანავებს, შემდეგ კი სრულიად შიშველ მდგომარეობაში სხვა ბავშვებთან ჯგუფში გამოჰყავს. ნათია ცინცაძე ამტკიცებს, რომ ძიძამ მოზარდს რამდენჯერმე “შემოულაწუნა” კიდეც.
… გაგიხმათ ტვინები. დიდი ხანია ნერვები არ ამშლია… მოეთრიე აგერ, არ დასრიალდე და არ გადამრიო… დედა როგორ წეიქცა, ეს სასიკვდილე…. სიკვდილი და გადაშენება შენი პატრონის. ბინძურო შენ, ხმა არ გავიგონო შენი”, – აღნიშნული ფრაზები ნათია ცინცაძის მიერ გადაღებულ ვიდეოზე ისმის.
როგორც ბათუმის ბაღების გაერთიანების დირექტორმა, ნატალია ზაქარეიშვილმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, აღმზრდელის თანაშემწე მოზარდს მიმართავს “მოვალ და დაგაწიწკნი თმებს” და ასევე, გამოყენებულია სხვა შეურაცხმყოფელი ტერმინები, რის გამოც ის სამსახურიდან გათავისუფლდა.
“ბაღში მოხდა ინციდენტი – აღმზრდელის თანაშემწემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ბავშვს. სააღმზრდელო პროცესის დასრულების შემდეგ საბავშვო ბაღის გამგე, უფროსი აღმზრდელი, აღმზრდელის თანაშემწე და მუსიკის მასწავლებელი დაბარებული იყვნენ საბავშვო ბაღში, მოხსენებითი ბარათით განმარტეს არსებული სიტიუაცია. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ძიძამ განაცხადა, რომ იმ დღეს იყო ძალიან გაღიზიანებული, მან აღიარა თავისი დანაშაული, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ასე ვერ დარჩებოდა, ძიძა დაისაჯა და გათავისუფლებულია სამსახურიდან. ვიდეო გადაღებულია ამავე ბაღის აღმზრდელის, ნათია ცინცაძის მიერ, სამსახურიდან გაშვებულია აღმზრდელის თანაშემწე ქეთევან ტერელაძე, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა ამ ბაღში და მას მშობლები დადებითად ახასიათებდნენ. ეს იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა, ვიდეო მაქვს ნანახი და ძალიან შემაძრწუნებელია. უხეში სიტყვებით მიმართავს ბავშვებს, მოვალ და დაგაწიწკნი თმებს და ასე შემდეგ, მიჭირს ამ სიტყვების განმეორება”, – აღნიშნა ნატალია ზაქარეშვილმა.
როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბათუმის მერიიდან შემოსული განცხადების საფუძველზე დაწყებულია წინასაგამოძიებო მოქმედებები და მიმდინარეობს მონაწილე პირების გამოკითხვები ფაქტთან დაკავშირებით.

წყარო: www.ipn.ge

banner
წინა სტატიაშიდღეიდან მთელ საქართველოში ამინდი გაუარესდება
შემდეგი სტატიავის დაარტყამს რუსეთი დაღუპული მგზავრების საპასუხოდ?