“თითსაც ვერავინ დააკარებს, პირიქით, ბევრს ჩაიყოლებს სამარეში თუკი გაბედავენ” – გოცირიძე ფარცხალაძის დაკავებას გამორიცხავს

არც ერთი კორუმპირებული პირი არ დასჯილა და არ დაისჯება, სანამ ეს ხელისუფლება არსებობს – ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე ყოფილი მთავარი პროკურორისთვის ბრალის წარდგენის ფაქტს.

გოცირიძე ამბობს, რომ ფარცხალაძე თავად არის კორუმპირებული სისტემის ორგანული ნაწილი და მისი „დასჯა“ წინასაარჩევნოდ ამომრჩევლისთვის თვალის ახვევას ემსახურება.
დეპუტატი აცხადებს, რომ ფარცხალაძეს ვერავინ გაუბედავს დაკავებას, რადგან ის ბევრ ინფორმაციას ფლობს.

„ოთარ ფარცხალაძე არის ამ კორუმპირებული სისტემის ორგანული ნაწილი, როგორც იტყვიან, მისი ღვიძლი შვილი. თითსაც ვერავინ დააკარებს. პირიქით, ბევრს ჩაიყოლებს სამარეში თუკი გაბედავენ. ამიტომ წინასაარჩევნოდ ახლა დადგეს პატარა სპექტაკლი, წაუყენებენ ბრალს, რა თქმა უნდა, ყველაზე მსუბუქი მუხლით, მამაკაცური ჩხუბის კონტექსტში. დააჯარიმებენ ორი ათასი, ან ხუთი ათასი ლარით.

მერე მას, რა თქმა უნდა, ფული არ აქვს და დეპუტატები შეუგროვებენ და გადაუხდიან ამ ჯარიმას და ამით დამთავრდება ეს მასკარადი. ეს არის წინასაარჩევნოდ მორიგი თვალის ახვევის მცდელობა ხელისუფლების მხრიდან.

არც ერთი კორუმპირებული, მათ შორის მთავრობის წევრები, რომლებიც დიდი ხმაურით აცხადებდნენ და ივანიშვილიც იმუქრებოდა, არ დასჯილა და ვერც ვერასდროს დაისჯება, სანამ ეს ხელისუფლება არსებობს,“-ამბობს რომან გოცირიძე.

სასამართლომ ოთარ ფარცხალაძეს 5 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.საქმე ეხება გასულ წელს ელცენტროში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ფარცხალაძე გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიას ფიზიკურად გაუსწორდა.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე : ჩვენი კარი ყველა ტურისტისთვის არის ღია, მიუხედავად მათი ფინანსური შესაძლებლობებისა
შემდეგი სტატიაკახა მიქაია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს შეხვდა-რას მოუწოდებს მიქაია საზოგადოებას