“თითოეული ადამიანი, რომელიც შეირჩა საუბნო-საარჩევნო კომისიაში, ქართული ოცნების რეკომენდაციით არის დანიშნული”

„შერჩევა ზუსტად განხორციელდა და 90%-იანი სიზუსტით დადგა ის შედეგი, რაზეც „თავისუფალი დემოკრატები“ და ჩვენი საარჩევნო შტაბი ვსაუბრობდით, კერძოდ, საოლქო-საარჩევნო კომისიის მიერ საუბნო-საარჩევნო კომისიაში დასანიშნი ე.წ „პროფესიული წევრების“ შერჩევის პროცესი, სადაც ქართული ოცნების ცალკეული ლიდერები და სახელმწიფო უსაფრთხოების წარმომადგენლები აქტიურად მონაწილეობდნენ“ – ეს განცხადება „ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატების“ ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციის ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ჩიქოვანის ინფორმაციით, თითოეული ადამიანი, რომელიც შეირჩა საუბნო-საარჩევნო კომისიაში, ქართული ოცნების რეკომენდაციით არის დანიშნული და მმართველი ძალა დღეიდან იწყებს შექმნას ისეთი გარემო, რომელიც იქნება მისთვის სახარბიელო, რათა არჩევნების შედეგებზე საუბნო-საარჩევნო კომისიის საშუალებით ჰქონდეს გავლენა.

„მე პირადად მაქვს ინფორმაცია, რომ მიმდინარეობს იმ ადამიანებთან დაკავშირებით ინფორმაციის შეგროვება, რომლებიც ამჟამად საქართველოში არ იმყოფებიან, ასევე სამხედრო-შეიარაღებულ ძალებში ან გასამხედროებულ უწყებებში მყოფი პირების იდენტიფიცირება, რათა მოხდეს მათი საშუალებით არჩევნების შედეგების მანიპულირება. ამას ჩვენ, თავისუფალი დემოკრატები არ დავუშვებთ. მე მოვუწოდებ ყველა ოლქს, ყველა პოლიტიკურ პარტიას, მათ შორის ჩემს კოლეგებსაც, ჩაატარონ ანალოგიური ანალიზი და ნახონ თუ ვინ არის შერჩეული საუბნო-საარჩევნო კომისიებში“ – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა დღევანდელ ბრიფინგზე.

„თავისუფალი დემოკრატების“ ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის განცხადებით, აღნიშნული ინფორმაცია ზუგდიდში მომუშავე ყველა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და დიპლომატიურ კორპუსს გადაეგზავნება და დასძინა, რომ მუშაობა არ დასრულებულა და მომავალშიც მიაწვდის საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით.

„როგორც ნაციონალურ მოძრაობას არ ჰქონდა უფლება, ისე არც ქართულ ოცნება არ აქვს და არც მომავალში უნდა ჰქონდეს უფლება მოპაროს ქართველ ხალხს საკუთარი არჩევანი“ – განაცხადა „ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატების“ ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა.

banner
წინა სტატიაშივაკეში ახალგაზრდა მამაკაცი ჩაცხრილეს
შემდეგი სტატიაგაუპატიურებასა და ქორწინების იძულებაში ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს