თინათინ ხიდაშელი ფრანგ კოლეგას შეხვდა

ვარშავის სამიტის მოლოდინები და საქართველოს საჰაერო თავდაცვის გაძლიერების საკითხები განიხილეს საფრანგეთისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრებმა პარიზში გამართულ შეხვედრაზე. ჟან-ივ ლე დრიანმა თინათინ ხიდაშელს თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივ თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვან ფაზაშია შესული და საფრანგეთი საქართველოს ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების განვითარებისა და ავიაციის დარგში აქტიურად ეხმარება.
„ვისაუბრეთ ვარშავის სამიტზე, იმ თავდაცვისუნარიანობის შესაძლებლობებზე, რომლის განვითარებაში და პროგრესის მიღწევაში საფრანგეთის სახელმწიფო ჩვენ გვერდით დგას და გვეხმარება. იმედია, 2017 წლიდან, ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდება“, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოში საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის ვიზიტიც იგეგმება. ჟან-ივ ლე დრიანი საჩხერის სამთო მომზადების სკოლის 10 წლისთავის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. საჩხერის სამთო მომზადების სკოლა, სწორედ, ფრანგული მხარის დახმარებით ჩამოყალიბდა.

ოფიციალურ შეხვედრამდე, თინათინ ხიდაშელი ფრანგმა კოლეგამ თავდაცვის მინისტრის რეზიდენციაში მიღებაზე მიიწვია.

banner
წინა სტატიაშიმაგდა პაპიძის პროცესზე სისხლიანი ნივთმტკიცებები გამოიკვლიეს
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა ჩინელი ბიზნესმენების დელეგაციას უმასპინძლა