თინათინ ხიდაშელი – მზად ვართ მეტი კონტრიბუცია გავიღოთ მსოფლიო მშვიდობისთვის

გაერო-ს შტაბ-ბინაში გამართულ შეხვედრაზე საერთაშორისო მისიებში საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობის საკითხები განიხილეს.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი სამშვიდობო ოპერაციების მიმართულებით გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს ერვე ლადსუს შეხვდა. შეხვედრას საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაერო-ში, კახა იმნაძეც დაესწრო.
“შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებები მსოფლიო თანამეგობრობის წინაშე, მსოფლიო უსაფრთხოების წინაშე და მათ შორის გაერო-ს სამშვიდობო მისიების ფორმატში. სულ რამდენიმე კვირის წინ გაერო-ს მისიას გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია შეუერთდა, რომელიც უკვე ავღანეთში იმყოფება და ერთ-ერთ წამყვან პოზიციაზეა ამ ორგანიზაციაში. ჩვენ ვართ სრულ მზადყოფნაში იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი კონტრიბუცია გავიღოთ მსოფლიო მშვიდობისთვის. ძალიან გამოცდილი სამხედროები გვყავს, არა მხოლოდ გენერლები, მათ შორის პოლკოვნიკებიც და ჩვენი მხარდაჭერა შესაძლოა კიდევ უფრო ღირებული და ფასეული გახდეს იმ შეიარაღებული ძალებისთვის, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში გაერო-ს სამშვიდობო მისიებში მონაწილეობენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სამიტზე, რომელიც პრეზიდენტ ობამას მოწვევით სექტემბერში ნიუ-იორკში ჩატარდა, კონკრეტული დაპირება მისცა გაერო-ს და შესაბამისად, ჩვენ უკვე დავიწყეთ მოქმედება”, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში სტუმრობისას, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა გაერო-ში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლად მირიან ფოფხაძე წარადგინა.

banner
წინა სტატიაშისაბურთალოს ზოგიერთ ქუჩაზე გაზმომარაგების აღდგენა ეტაპობრივად დაიწყება
შემდეგი სტატიაბრიუსელში სკოლები გაიხსნა და მეტროპოლიტენმა მუშაობა განაახლა