თინა ხიდაშელი: ვითხოვთ ბოდიშს და ამ ინფორმაციის უარყოფას

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ცენტრალურ აფრიკაში ქართველი სამხედროების დანაშაულებრივ ქმედებებში შესაძლო მონაწილეობის საკითხზე ისაუბრა.

თინათინ ხიდაშელის განცხადებით, ქართველი სამხედრო მოსამსახურეების უდანაშაულობა დასტურდება როგორც საქართველოში, ისე ცენტრალურ აფრიკაში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით.

„ჩვენი მოთხოვნაა ერთადერთი – ზუსტად იმავე ტრიბუნიდან, იმავე ფორმით მოხდეს ახალი განცხადების გაკეთება, როგორც მოხდა ქართველი სამხედრო მოსამსახურეებისთვის ბრალის დადება. უნდა ითქვას, რომ ეს არ შეესაბამებოდა სიმართლეს და იყო შეცდომა. მაქვს ფაქტობრივი მიზეზი მჯეროდეს, რომ ეს არის ტყუილი. დღეს ეს ფაქტობრივი მიზეზი უკვე დადასტურებულია, დადასტურებულია მოკვლევით საქართველოში და ასევე იმ საგამოძიებო მოქმედებებით, რომელიც ჩვენ ჩავატარეთ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში“, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ეთიოპიაში და საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს აფრიკის კავშირში ვახტანგ ჯაოშვილს.

„მიმღები ქვეყნიდან ჩვენ საგამოძიებო ჯგუფთან თანამშრომლობის მიმართ დიდი ენთუზიაზმი არ ყოფილა, მაგრამ, სწორედ ჩვენი ელჩის დამსახურებაა, რომ მან ყველაფერი გააკეთა და მათ შორის შეუძლებელიც, იმისთვის, რომ შესაძლებელი გამხდარიყო „ძალადობის მსხვერპლთან“ გასაუბრება და ყველა საგამოძიებო მოქმედების ჩატარება“.

თინათინ ხიდაშელის განცხადებით, გაეროს შტაბ-ბინაში გამართული შეხვედრებისას გაეროს სამშვიდობო ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობის საკითხზეც იმსჯელა, თუმცა, თავდაცვის მინისტრის პირობა ასეთია – „სანამ ეს ბრალდება ჰაერში ჰკიდია, შეუძლებელია ვილაპარაკოთ რაიმე თანამშრომლობაზე ორგანიზაციასთან, რომელსაც შეუძლია ასე მარტივად ბრალი დასდოს მთელ შეიარაღებულ ძალებს უმძიმეს დანაშაულში და შემდეგ არაფერი არ მოხდეს. არ ვაპირებთ, რომ ეს პროცესი ასე დავასრულოთ. ჩემი მოთხოვნა არის სრულიად ცალსახა და ეს ჩვენ ვუთხარით გაეროს გენმდივნის მოადგილეს, რომელიც კურირებს სამშვიდობო მისიებს – ვითხოვთ ბოდიშს და ამ ინფორმაციის უარყოფას“, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

banner
წინა სტატიაში“სამართლიანობის აღდგენა ჩვენი ამომრჩევლის წინაშე აღებული N1 ვალდებულებაა”
შემდეგი სტატიაჟირინოვსკი თურქეთისგან კომპენსაციას მოითხოვს