თინა ხიდაშელი: საქართველოს არც აქვს და არც ექნება სამხედრო თანამშრომლობა ოკუპანტ სახელმწიფოსთან

საქართველოს თავდაცვის მინისტრი მიიჩნევს, რომ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციის თვალსაზრისით საქართველოს მთავრობა ხელისუფლებაში მოსვლის დროს დადებულ პირობას პირნათლად ასრულებს და მოცემულ პოლიტიკურ რეალობაში, „ნორმალიზაციის ნიშნები“ რუსეთის ფედერაციის მხრიდან უნდა მოდიოდეს. თინათინ ხიდაშელმა რუსეთთან ურთიერთობის თემაზე საერთაშორისო ინტერნეტპორტალ “ევრო დიალოგი XXI”-ის ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას უპასუხა.

„ჩვენი პოლიტიკა არ არის კონფრონტაციული და ორიენტირებულია ქვეყნის ეროვნული ინტერესების მშვიდობიანი გზით უზრუნველყოფისკენ. მთავრობას, ურთიერთობების ნორმალიზებისთვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები უკვე გადადგმული აქვს. საპასუხოდ კი, მივიღეთ მცოცავი ოკუპაცია და საქართველოს მოქალაქეების გატაცებები ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით. 2015 წლის პირველ კვარტალში 23 ასეთი შემთხვევა გამოვლინდა. მიმდინარე წელს რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია. ზოგადად, ძნელად წარმომიდგენია ქვეყანასთან ურთიერთობების ნორმალიზება იმ ვითარებაში, როცა მას შენი ქვეყნის ტერიტორიაზე ორი საელჩო აქვს გახსნილი, 8000-მდე ჯარისკაცი და მძიმე შეიარაღება კი მუდმივ მზადყოფნაში ჰყავს. ამ პირობებში საქართველოს არ აქვს და არც ექნება რაიმე ტიპის სამხედრო თანამშრომლობა ოკუპანტ სახელმწიფოსთან“,- აცხადებს თინათინ ხიდაშელი და აღნიშნავს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ რუსეთის აგრესიულ საგარეო პოლიტიკას ლეგიტიმაციის უფლება არ უნდა მისცეს და რისკის ქვეშ არ დააყენოს ევროპის უსაფრთხოება.

banner
წინა სტატიაშიროგორ ავამუშაოთ ქართული მრეწველობა – რეალობა თუ მითი?!
შემდეგი სტატიაინგა გრიგილოა „პირველის“ გენერალურ პროდიუსერად დაინიშნა