თინა ხიდაშელი: როდესაც მძიმე გადაწყვეტილების მიღება მიწევს, ივანიშვილთან დამირეკავს და შეხვედრა მითხოვია

თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის თქმით, ის ბრალდებები, რომ ქვეყანაში არაფორმალური მმართველობაა, აბსურდულია.

როგორც ხიდაშელმა “რუსთავი 2”-ს განუცხადა, მას ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობა დღემდე აქვს, რაც მისთვის დიდი პატივია.

“რაღაც განსაკუთრებულ სიურპრიზებს არ ველოდები, მაგრამ დაველოდოთ, სულ ორი დღე გვაშორებს, როგორც მივხვდი. მე პირადად ვთვლი, რომ ვარ ერთ-ერთი იმ ადამიანთა შორის, ვინც ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობა შეინარჩუნა. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ეს ურთიერთობა. არასდროს დამიმალავს და კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ მაქვს მასთან ურთიერთობა. როდესაც განსაკუთრებით მძიმე გადაწყვეტილების მიღება მიწევს ხოლმე, მქონია მომენტი, რომ დამირეკავს და მასთან შეხვედრა მითხოვია. ასეთი შემთხვევვების 90%-ში ის უარს მეუბნება და გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მხვდება. ბიძინა ივანიშვილს ყველა შესაძლებლობა ჰქონდა, რომ ქვეყნის ხელისუფლებაში დარჩენილიყო. აბსურდულად მეჩვენება ის ბრალდებები, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მიმართ ისმის, მაგრამ მესმის, რადგან, როცა აღარაფერი გრჩება სათქმელი, მერე უნდა მოიგონო ამბავი, რომელიც ბუნებაში არ არსებობს. ბიძინა ივანიშვილის აზრი ქართული საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ის ბოროტად არასოდეს სარგებლობს საკუთარი ავტორიტეტით”,- განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან, ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის შესახებ განცხადებები კიდევ ერთხელ მას შემდეგ გაკეთდა, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი არ აკონკრეტებს, თუ ვინ იქნება მომავალი პრემიერ-მინისტრი
შემდეგი სტატიაპრეზიდენტის განკარგულებით, მოვალეობის შესრულება მთავრობის იგივე შემადგენლობას დაეკისრა