თინა ხიდაშელი: ქართული შეიარაღებული ძალები მზად არის მთლიანად პროფესიულ ჯარზე გადასვლისთვის

მე ვფიქრობ, რომ დღეს ქართული შეიარაღებული ძალები მზად არის იმისთვის, რომ საერთოდ უარი თქვას საყოველთაო გაწვევაზე და ქვეყნის სამსახურში მთლიანად პროფესიული ჯარი იყოს, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინათინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც თინათინ ხიდაშელმა აღნიშნა, საქართველო მნიშვნელოვანწილად გადასულია საკონტრაქტო სისტემაზე.

„ჩვენ მნიშვნელოვანწილად გადასულები ვართ საკონტრაქტო სისტემაზე, სწორედ ამიტომ მე ვფიქრობ, რომ დღეს ქართული შეიარაღებული ძალები მზად არის იმისთვის, რომ საერთოდ უარი თქვას გაწვევაზე და მთლიანად პროფესიული ჯარი იყოს ქვეყნის სამსახურში. ჩვენ სწორედ ამიტომ ვმუშაობთ ასე ინტენსიურად რეზერვის კონცეფციაზე, რომ ამ ორი კომპონენტის ერთობლიობით – საკონტრაქტო სამსახურის ჯარის და კარგად გამართული მწყობრი რეზერვის სისტემით ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების და საქართველოსგან მოსალოდნელი პასუხებისთვის ეს სისტემა სრულიად საკმარისი იქნება. თუ ის იქნება მწყობრი გამართული ადამიანის ნებაყოფლობით არჩევაზე დაფუძნებული და შესაბამისად მოტივირებული სამხედრო მოსამსახურეებით და რეზერვისტებით დაკომპლექტებული“, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

კითხვაზე, არის თუ არა ეს ნატო-ს წინაშე აღებული ვალდებულება ან მისი მოთხოვნა, თინათინ ხიდაშელმა აღნიშნა, რომ ეს არ არის არავითარი ვალდებულება.

„ნატო-ს წევრ ქვეყნებში არის ქვეყნები, რომლებსაც აქვთ სავალდებულო სამსახური და რომლებსაც არ აქვთ ასეთი ვალდებულება და მოთხოვნა არ არსებობს. ეს არის ქვეყნების სუვერენული არჩევანი“, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

რაც შეეხება თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით თევზაძის განცხადებას, რომ საქართველო ამისთვის მზად არ არის, თინა ხიდაშელმა აღნიშნა, რომ დავით თევზაძე იმასაც ამბობს, რომ ხიდაშელს მავნებლური აზრები აქვს.

„ის ამბობს, რომ მე მავნებლური აზრები მაქვს. ამიტომ, ასეთი ადამიანების აზრებზე კომენტარს არ გავაკეთებ“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

banner
წინა სტატიაში“თაიმერის” შაბათის სტუმარია ბელა ალანია- „ამ წუთების გახსენება მზარავს…“
შემდეგი სტატიაე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით რუსმა სამხედროებმა ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს