თინა ხიდაშელი: ნატო-საქართველოს ურთიერთობა თვისობრივად ახალ საფეხურზე გადავიდა

თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის განცხადებით, ნატო-საქართველოს ურთიერთობა თვისობრივად ახალ საფეხურზე გადავიდა.

აღნიშნული განცხადება თავდაცვის მინისტრმა ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე, ნატო-საქართველოს წრთვნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის JTEC-ის პირველ საველე სწავლებაზე განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, დღევანდელი დღე და საერთოდ მაისის თვე, ქართული შეიარაღებული ძალებისთვის მნიშვნელოვანია.

“დღეს პირველად, ნატო-საქართველოს ურთიერთობა თვისობრივად ახალ საფეხურზე გადავიდა. ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა, რომ JTEC რეალობად ვაქციოთ. ორ დღეში, გვექნება ნატო-ს NRF-ის ძალების პირველი გამოშვება და პირველად, ქართული ასეული ოფიციალურად ნატო-ს ასეული გახდება. მე შემიძლია მივულოცო საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, მთელს ქვეყანას, თავდაცვის სამინისტროს ასეთი წარმატებული თვე და იმედი მაქვს, რომ ეს გაცილებით უფრო ფართო მასშტაბებს შეიძენს – ასეულიდან ბატალიონის შეფასებებზე გადავა, შემდეგ ბრიგადის დონეზეც.

2020 წლისთვის, JTEC მთლიანად, სრულფასოვნად იქნება იმ ტიპის ადგილი, სასწავლო ცენტრი საქართველოში, როგორიც ნატო-ს ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს და მოემსახურება არა მხოლოდ ქართულ შეიარაღებულ ძალებს, არამედ, პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებსაც“, – განაცხადა ხიდაშელმა.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში მე-12 კლასელები ავტოავარიაში მოყვნენ
შემდეგი სტატიაუჩა ნანუაშვილი: კითხვის ნიშნები არის განაჩენის გამოცხადების შემდეგაც