თინა ხიდაშელი: მოლოდინი, რომელიც გვაქვს, ხვალ დადასტურდება

თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელის განცხადებით, ვარშავის სამიტმა შავ ზღვაზე უსაფრთხოების განსაკუთრებული და ახალი წესრიგის დამყარებისთვის გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

“ვარშავის სამიტმა წესით, უნდა მიიღოს გადაწყვეტილება შავ ზღვაზე უსაფრთხოების განსაკუთრებული და ახალი წესრიგის დამყარებისთვის. სამიტის შემდეგ, უკვე დაიწყება მუშაობა, რათა გაეცეს პასუხი კითხვას – როგორ. ამ პროცესში ვითხოვდით ჩვენ, რომ საქართველო ზუსტად ისე, როგორც ბულგარეთი, რუმინეთი, თურქეთი მჯდარიყო მაგიდის გარშემო.

კიდევ ერთი საკითხი – იცით რომ, ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ჰაერსაწინააღმდეგო მიმართულებაზე, ეს ერთ-ერთი პრიორიტეტია ქართული სახელმწიფოსთვის, ფრანგული კონტრაქტი მისი მთავარი გამოვლინება იყო.

ამერიკის სახელმწიფო მდივანმაც გააკეთა ამაზე განცხადება და, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო გაგვიმყარა რწმენა, რომ მოლოდინი, რომელიც ჩვენ გვაქვს და ის შეთანხმება, რომელიც ამ წუთის მდგომარეობით არსებობს, ხვალ დადასტურდება სამიტზე და უკვე NATO-ს სისტემაში, NATO-ს ქსელში არამხოლოდ ორმხრივში ფრანგებთან ან ორმხრივში ამერიკელებთან, არამედ მთლიანად ამ სისტემის თანამონაწილე გახდება საქართველო”,- აღნიშნა აეროპორტში ჟურნალისტებთან საუბარისას თინა ხიდაშელმა.

ცნობისთვის, დღეს, ვარშავის ცენტრში მდებარე ეროვნულ სტადიონზე NATO-ს სამიტი გაიხსნება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 58 ოფიციალური დელეგაცია, მათ შორის, 28 წევრი სახელმწიფო. ასევე 26 პარტნიორი ქვეყანა და გაერო-ს, ევროკავშირის, მსოფლიო ბანკისა NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციები.

banner
წინა სტატიაში”ვარშავაში ქართულ დელეგაციას ზურგს უმაგრებს დეკლარაცია, რომელსაც ყველა საპარლამენტო პარტია უჭერს მხარს”
შემდეგი სტატიააშშ-ის სენატი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს საქართველოს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს